„ჯუმბერ ბუზალაძე რაღაცნაირი საცოდავი კაცი იყო და ამიტომ, არ მინდა, მასზე ბევრი ვისაუბრო. რაღაცნაირი დაჩაგრული კაცი იყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ჯუმბერი ახლა იქ რომ მივიდა და ამ თემაზე რომ ილაპარაკა, რამე საქმეს გაუკეთებენ,- ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაცმოძრაობის “ რეჟიმის მიერ დაზარალებულ ბიზნესმენ ჯუმბერ ბუზალაძეს, რომელმაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ჩვენება მისცა.
„ ბატონო ჯუმბერ, მე ამას ჩავთვლი ჩემს ქველმოქმედებად და თუ ჩემი სახელის დასახელება რამეში დაგეხმარებათ და ქოცები ხვალ რაღაცას გაგიკეთებენ, ჩავთვლი, რომ ეს ქველმოქმედებაა ჩემი მხრიდან და თქვენთან პრობლემა არ მაქვს“,-განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, იყო ასეთი მოცემულობა, რომ ხდებოდა ჩამოერთმეული ავტომანქანების გადაცემა სახელმწიფო სამსახურებისთვის, დადიოდნენ მინისტრები, მოადგილეები, მაღალჩინოსნები, სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები.
„ნამდვილად იყო ერთი ასეთი ფაქტი, რომელსაც მე ვადასტურებ და არასოდეს დამიმალია ეს ამბავი. როდესაც ერთ-ერთი ასეთი ჩამორთმეული მანქანით დადიოდა მაშინდელი სოდის უფროსი ერეკლე კოდუა, საბა კოდუას მამა და იმიტომ მე მაშინ მისი მეუღლე ვიყავი, მეც ვიყავი იმ მანქანაში. ჩემთვის ის მანქანა არავის გადმოუცია, ეს ტყუილია, რომ პირად საკუთრებაში იყო, უბრალოდ, მე ვიჯექი ჩემი მეუღლის მანქანაში, რომელიც მაშინ წარმოადგენდა იმ თანამდებობის პირს და იმ სამსახურს, რომელიც იყენებდა ასეთ ჩამორთმეულ მანქანებს.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, მორიგი სკანდალური განცხადება გაკეთდა. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში დაზარალებულმა ჯუმბერ ბუზალაძემ კომისიის სხდომაზე დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაეუფლნენ მაღალი თანამდებობის პირები მის კუთვნილ ავტომობილებს. ბუზალაძის თქმით,იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელ ერეკლე კოდუას მოეწონათ მისი ავტომანქანები, რომლებიც საბოლოოდ მათ მეუღლეებს – თაკო სალაყაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანს გადაეცათ.