ფილმს ვუყურებდით უკვე გვიანი იყო, ღამის პირველი საათი იქნებოდა. მე და ის ვიყავით მხოლოდ სახლში. ქუჩიდან გავიგონეთ შემოძახილი. გაოცებულები ვიყავით, გაიხედა ფანჯრიდან რომელი ხარო ჰკითხა, მაღლა ამოდიო. მან კი უპასუხა დაბლა ჩამოდიო. ამას ჩემთან რა უნდაო და გავიხედე ქუჩაში, ვიკითხე ვინ არის-თქო და მიპასუხა „მაიმუნაო“,- ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ციცინო შავაძის თქმით, „მაიმუნა“ იყო ბათუმის კუდის თანამშრომელი, გიორგი ჩიქოვანი, რომელმაც როინ შავაძე დაბრუნების დღესვე უშიშროებაში წაიყვანა და გზაში ეკითხებოდა ომში გარდაცვლილთა რაოდენობას.
„ამ ბიჭს ძალიან ცუდი სახელი ჰქონდა, მე ვმუშაობდი სალონში სტილისტად და ვიცოდი, რომ ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა. გაოცებული დავრჩი, ვკითხე იცნობდა თუ არა და კი ვიცნობ, მაგრამ ამას ჩემთან რა უნდაო. მაისური და შორტი ეცვა ასე ჩავიდა ქვემოთ.
„მაიმუნამ“ ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, რა დროსაც როინმა მაისური აუწია და კითხა შენ ჩემთან ასე მოსვლა რატომ დაგჭირდაო. მე მესმის და დაძაბული ვუყურებ, ფანჯარას არ ვცილდები. ვერ მივხვდი უცებ რა ხდებოდა. მან კი უთხრა, რომ წამოდიო, როინმა უთხრა არაა პრობლემა წამოვალო. ჩაჯდა მანქანაში თუ არა ისე მოხდა, რომ სანამ „მაიმუნა“ ჩაჯდებოდა მანქანაში, ორი მანქანა იდგა „მაიმუნას“ მანქანის უკან, მოშორებით, ერთი წინ ჩაუდგა უცებ, ერთი უკან. მთელი სისწრაფით გაქანდნენ მანქანები. გაოცებული დავრჩი, ვუყურებ ქუჩას და ვერ ვხვდები, თუ რა ხდება.
დაახლოებით ნახევარ საათში უკან დაბრუნდა, ვკითხე რა ხდება, სად იყავი მეთქი და ესეც გაკვირვებული იყო, არ ვიცი, ვერ გეტყვიო. ასე მითხრა უშიშროებაში წამიყვანეს და მეორე სართულზე ამიყვანესო. როდესაც კარებთან მივიდა „მაიმუნა“ შევიდა პირველი და უთხრა, რომ როინი მოვიყვანეო და რომ დაუნახავს იმ კაცს უთქვამს, მერე ვინ გითხრა, რომ ეს აქ მოიყვანეო. გამოაბრუნეს უკან, მოიყვანეს.
როინი იცნობდა სისტემას, ხალხს, მაგრამ ჩემთვის უცნობი იყო ის მამაკაციო. ძალიან ცუდად საუბრობდნენ, უწმაწურად, ეს ბიჭები მანქანაშიო, დაბურული მანქანა იყო შავი, არც ნომრები არ ჰქონდა, ტრანზიტები ეკეთა. „მაიმუნა“ სანამ მიიყვანდა რომასთვის უკითხავს, ხომ არ იცი რამდენი იყო მიცვალებულიო. გაგიჟებულა რომა, რას მეკითხები, ჭკუაზე თუ ხარო. იმისთვის ვიყავი მე იქ, რომ მიცვალებულები მეთვალაო, რას მეკითხებიო, გაკვირვებული იყო რომა. ომის დროინდელ ამბავს ეკითხებოდა, რამდენი იყო დაღუპული. „მაიმუნა“ უკან არ გამოჰყოლია“,- განაცხადა ციცინო შავაძემ.