სამართალი

სოზარ სუბარი წინა ხელისუფლების პოლიტიკაზე: საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შიში უნდა ჰქონოდა მათი სახელის ხსენებისას – ეს იყო მათი პოლიტიკა!

სამაჩაბლოში ომის დაწყებამდე შექმნილ ვითარებასა და წინა ხელისუფლების მიერ იქ წარმოებულ პოლიტიკაზე ისაუბრა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა. როგორც მან აღნიშნა, ხეობის მოსახლეობის მიმართ ხელისუფლების ინტერესი არ იკვეთებოდა და ამას ადგილობრივი მოსახლეობა მასთან გამართულ შეხვედრებზე ამბობდა.

„სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩვენთან ერთად (სოზარ სუბარი და გიორგი ხაინდრავა) იყო გიგა გიორგაძე, ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მაშინ, როგორც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი აღრიცხავდა თითოეულ ამ შეხვედრას. სამწუხაროდ, შემდგომი სახალხო დამცველის პერიოდში, მთელი ეს ოქმები განადგურდა როგორც ისტორიისთვის არასაინტერესო მასალა, ისევე, როგორც 7 ნოემბრის მოვლენების დროს აღრიცხული გამოკითხვების ოქმები და ისტორიული მასალები. ეს ერთი და მეორე, დღეს რომ ბევრს ლაპარაკობენ პატრიოტიზმზე, ნაციონალურ მოძრაობასა და მათ თაყვანისმცემლებზე ვსაუბრობ, მე და ბატონი გოგა ჩავედით სოფლებში ავნევი და ნული. ეს არის ფრონეს ხეობა, შედარებით მოწყვეტილი ცენტრს. ათამდე ქართული სოფელი იყო იქ კონფლიქტის დაწყებამდე – ყველა დაცლილი. ეს ორი სოფელი მართლა გმირულად იდგა – თითოეული იქ მაცხოვრებელი ადამიანი იყო გმირი, არ მიდიოდა არსად და იცავდა სოფელს უმძიმეს პირობებში. იცით იქ რა გვითხრეს? შოკი იყო ნამდვილად – თქვენ ხართ ორად-ორი ადამიანი, თანამდებობის პირები, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ვინც აქ ჩამოვიდაო. არც თბილისიდან, არც გორიდან, არასდროს არავინ, არცერთი თანამდებობის პირი იქ არ ჩასულა!

როგორ „უყვარდათ“ საქართველო და მისი კუთხეები და რამდენად „პატრიოტები“ იყვნენ, ამის მაგალითად მოვიყვან მიხეილ სააკაშვილის მიერ „INDEPENDENT” -თვის“ მიცემულ ინტერვიუს (2011 წლის 15 თებერვალი), სადაც ის ამბობს, რომ ტერიტორია, რომელიც დავკარგეთ, ეს არის უბრალოდ ქვები, მეტი არაფერი და ამას არ აქვს არანაირი ფასი. ამ ტერიტორიების ერთადერთი ფასი არის მისი გამოყენება ჩვენს წინააღმდეგ შეტევისთვის. ლაპარაკია საქართველოს შუაგულზე, საქართველოს ისტორიის ყველა საკვანძო მომენტის ცენტრზე – შიდა ქართლი როცა იყო ძლიერი, საქართველო იყო ძლიერი. აი, ამ ტერიტორიებზეა ლაპარაკი. საუბარია შიდა ქართლში 111 სოფელზე, გმირ ადამიანებზე, ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელსაც საუკუნეებიდან მოსდევთ გმირობა და სადაც თაობიდან თაობას გადაეცემა ეს სულისკვეთება. იქ სადაც არის იკორთის ტაძარი, სადაც მაჩაბლები, ქსნის ერისთავები, ამილახვრები მოღვაწეობდნენ, ყოფილა თურმე ქვების გროვა და მეტი არაფერი. ადგილი, სადაც ჩასულმა მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა, რომ აქ იგრძნო ქართული ენის ძალა. ამას ემატება 30 სოფელი კოდორის ხეობაში, რომელიც თურმე ასევე ყოფილა ქვების გროვა.

როდესაც აფხაზეთი დავკარგეთ, აფხაზეთს დაკარგული არ ერქვა, სანამ იქ ტერიტორიას ვაკონტროლებდით, მის რაღაც ნაწილს მაინც. ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს მტერს და ეს ყოფილა თურმე ქვების გროვა. აი, ესაა მათი პატრიოტიზმი, პატრიოტიზმი კი არა, ესაა ქვეყნის მტრობა! იმ 2006 წელს რომ ჩავედით, მართლა თითოეულ ოსურ ოჯახში შევედით და დღესაც თვალწინ მიდგას თავგადაგლეჯილი, პოლიციის შენობაში წამებისგან თავგატეხილი 70 წლამდე ასაკის მოხუცებული კაცი, ყოფილი პოლიციელი, რომელიც ტაქსის მძღოლი იყო და კითხულობდა რა გინდოდათ, რას მერჩოდითო, ვტაქსაობდიო და თბილისსა და გორში კი არა, ბათუმში და ფოთში მიმყავდა ხალხიო, მთელ საქართველოში, ჩემს სამშობლოში დავდიოდი ყველგან და ახლა აქეთ გამოხედვა აღარ მინდაო. აი, ეს გააკეთეს ამათ…“ – განაცხადა სოზარ სუბარმა. მან ასევე გაიხსენა ზურაბ ადეიშვილთან მისი შეხვედრის შინაარსი და აღნიშნა, რომ მოსახლეობაში შიშის დანერგვა, წინა ხელისუფლების პოლიტიკას წარმოადგენდა. „როგორც თქვენ, ასევე მეც მქონდა შეხვედრა ზურაბ ადეიშვილთან. ეს მაშინვე, პარლამენტში პირველივე მოხსენებაზე, როგორც სახალხო დამცველმა ხმამაღლა ვთქვი, შემიძლია ახლაც გავიმეორო – ზურაბ ადეიშვილს როცა ვკითხე, რატომ გააკეთეთ ეს, მიპასუხა, უნდა ეშინოდეთო. ვის უნდა ეშინოდეს – საქართველოს მოქალაქეს უნდა ეშინოდეს საქართველოს ხელისუფლების? ეს ის კი არ იყო, რომ ოსების მიმართ ჰქონდათ ეს მიდგომა. მათი პოზიცია იყო ის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შიში უნდა ჰქონოდა მათი სახელის ხსენებისას – ეს იყო მათი პოლიტიკა!“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.


Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა