რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან ხდება ქართული არმიის გასამართლება და ამას ვერ შეეგუებიან.
„კრემლის ფილიალში მიმდინარეობს ქართველი გენერლებისა და ქართული არმიის გასამართლება. ჩვენ, უბრალოდ, ვერ შევეგუებით ქართული არმიის გასამართლებას, იმ ადამიანების გასამართლებას, რომლებმაც 2008 წელს დამოუკიდებლობა შეგვინარჩუნეს, შეგვინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა, ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც. კრემლის ფილიალში რომლებიც სხედან, მათი ადგილი არა მხოლოდ აქ, არამედ ციხეშია. ძალიან მალე ისინი ჩასხდებიან ციხეში, აგებენ პასუხს სახელმწიფო ღალატისთვის“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ამასთან, აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ პარლამენტის შენობიდან გამოსულ გოგა ხაინდრავას, რომელიც დღეს კომისიის სხდომაზე დაიკითხა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა იმართება. კომისიის თავმჯდომარეა „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი. საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი და 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა. ასევე დღესვე დაიკითხება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, რომელიც 2004-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა