სამართალი

გოგა ხაინდრავა- პუტინმა მოსკოვში, დოღზე დაგვპატიჟა. ორადგილიანი „ელექტროქარი“ რომაა, სააკაშვილი დაისვა გვერდით და გაშლილ სუფრასთან წაიყვანა… საათნახევრის შემდეგ გამოვიდა სააკაშვილი და გვითხრა, მაგარი შეხვედრა გვქონდაო

სააკაშვილს აქვს ნათქვამი, პუტინმა მითხრა, ნახე, აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად გადაწყდაო? ურთიერთობებს ისე თუ დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო, – ამის შესახებ 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრმა, გოგა ხაინდრავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

გოგა ხაინდრავამ გაიხსენა სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, როდესაც სააკაშვილი რუსეთში დოღზე იყო დაპატიჟებული.

„ძალიან საინტერესო ამბავი ხდება, ზუსტად არ მახსოვს, გაზაფხულის ბოლოს თუ ზაფხულის დასაწყისში. ვლადიმერ პუტინი მოსკოვში მართავს დოღს, სადაც დაპატიჟებულია „ესენგეს“ ყველა პრეზიდენტი თავიანთი ცხენებით, რათა იქ მიიღონ მონაწილეობა. დაპატიჟებულია სააკაშვილიც. აჭარის მოვლენებიდან ერთი-ორი თვე არის გასული, ახალი მომხდარია აჭარის მოვლენები. დელეგაციაში ვართ გელა ბეჟუაშვილი, სააკაშვილი მეუღლესთან ერთად, მე. კიდევ არ მახსოვს, ვიღაც შეიძლება იყო, მაგრამ იმ დოღზე, რომელიც მოსკოვის ჰიპოდრომზე გაიმართა, მიპატიჟებული ვიყავით სააკაშვილი ცოლთან ერთად, გელა ბეჟუაშვილი და მე. იყო დიდი სუფრა, სადაც პრეზიდენტები ისხდნენ ერთად, პატარ-პატარა სუფრებთან ვისხედით „ესენგეს“ ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეები და ისინი, ვინც თან ახლდათ პრეზიდენტებს.

დოღი რომ დამთავრდა, პუტინმა დაპატიჟა პრეზიდენტები, ცალკე სუფრა იყო გაშლილი სადღაც შენობაში. ჩვენ სხვაგან გაგვიშალეს სუფრა, ეტყობა, ამდენი ხალხი იქ ვერ ეტეოდა. ძალიან საინტერესო იყო, რომ „ელექტროქარი“ რომ არის პატარა, ორადგილიანი, გოლფის მოედანზე რომ დადის, ისეთი იდგა იქ, გასასვლელზე და პუტინი რომ გავიდა, სააკაშვილი დაისვა გვერდზე, იქით ალიევი იყო, ნაზარბაევი, სხვებიც იყვნენ, ყველას გვარი არ მახსოვს, ძალიან პატივცემული პრეზიდენტები იყვნენ. დაახლოებით ერთი საათი, საათ-ნახევარი გრძელდებოდა სუფრა. ჰიპოდრომი პატარაა, ამიტომ ჩვენი მანქანები იქ ვერ შევიდა, მარტო პრეზიდენტების მანქანები იყო შესული.

სააკაშვილი ურეკავს ბეჟუაშვილს, რომელიც გვერდზე მიზის და ეუბნება, ახლა გამოვალ მანქანით, დამხვდით და მანქანაში ჩამისხედითო. დავხვდით, ჩავსხედით მანქანაში და ბეჟუაშვილი ეკითხება, აბა, რა იყო, მითხარიო. რას ლაპარაკობ, მაგარი შეხვედრა გვქონდაო. ზუსტად სიტყვასიტყვით გეუბნებით, რა თქვა სააკაშვილმა მანქანაში: პუტინმა მითხრა, ნახე, აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად და კარგად გადაწყდაო? ხომ ნახე ყველაფერიო. ამიტომ, ჩვენს ურთიერთობებს თუ ისე დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო ზუსტად ამ ურთიერთობებით, მეგობრიობითო. ოღონდ ერთი რამ მინდა, გითხრათო, ამას დრო დასჭირდება, დაახლოებით ერთი წელიო. მეც საზოგადოება მყავს, იქ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა აზრია და ეგრე მიყოლებით ამას ვერ გავაკეთებთო. სიჩუმეა მანქანაში. ბეჟუაშვილი ეკითხება, მერე შენ რას ფიქრობო? რის ერთი წელი, სად არის ერთი წელიო, ერთი წელი, არა ისო. მაგას დავალაგებთ ახლავე, რომ დავბრუნდებითო. მაშინ მივხვდი და მაშინ გადავწყვიტე, რომ მიუხედავად იმისა, დიდი ბრძოლა იყო ჩემ წინააღმდეგ, ამ თანამდებობას არ დავტოვებ-მეთქი. დავბრუნდი თბილისში და ყველას გახსოვთ კარგად 2004 წლის ზაფხულის მოვლენები, როდესაც, პრაქტიკულად, სამხედრო კონფლიქტის პირას დავდექით ყველანი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა