„დიდ იმედებს ვამყარებთ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე. მხედველობაში მაქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელმაც დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა „დიფ სთეითს“, რომელსაც ფესვები ფართოდ ჰქონდა გადგმული მთელს მსოფლიოში და ხედავდით როგორი მეთოდებით ახდენენ ისინი ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობას, რევოლუციების მოწყობას, ადამიანებზე ტერორს. ვხედავ, ეს ბრძოლა დაიწყო, თუმცა, როგორ დამთავრდება ამას მომავალი გვიჩვენებს. დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება ამ ბრძოლაში პრეზიდენტი ტრამპი, მასზე მთელი მსოფლიო ამყარებს ამ იმედებს და დაველოდოთ“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა.
სოსიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა.
მისივე თქმით, „ქვეყანა ყოველთვის მზად არის, რომ ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან ჰქონდეს ღირსეული ურთიერთობა, რომელიც უნდა ემყარებოდეს ურთიერთპატივისცემას“. „ჩვენ მზად ვართ, რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობა, დიპლომატიურ ურთიერთობას ვგულისხმობ, რამდენიმე ათეულ წელს მოითვლის და ამ ურთიერთობაში იყო ძალიან პოზიტიური მომენტები, მათ შორის, ჩვენი ჩართულობა სხვადასხვა მისიებში, უამრავი დიპლომატიური ნაბიჯები, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ახალ პოლიტიკაზე, თუ როგორი პოლიტიკა იქნება და ჩვენ, როგორც სუვერენული, ღირსეული, თავაწეული ხალხი ვიურთიერთებთ იმ ხალხთან, ვინც ჩვენ ჩაგვთვლის ღირსეულ და თანაბარი ძალის ადამიანებად.
ვეღარასდროს შედგება, რომ ჩვენ ვიყოთ ხელწამოსაკრავი ხალხი და რასაც ჩაგვძახებენ ის ამოვძახოთ, ეს გამორიცხული ამბავი იქნება. ვფიქრობ, რომ გადატვირთვის პოლიტიკისთვის ჩვენი ხელისუფლება მზად არის. მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპთან ეს ურთიერთობა გავაგრძელოთ სუფთა ფურცლიდან იმიტომ, რომ ჩვენ ამერიკას და ამერიკელ ხალხს დიდ პატივს ვცემთ. „დიფ სთეითი“, ეს საშინელი გლობალური ომის პარტია არის განცალკევებით და არ უნდა გავაიგივოთ ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან იმიტომ, რომ თვითონ ამერიკელი ხალხი ჩააგდო მან ცუდ მდგომარეობაში. გახსოვთ როგორი განცხადებები გააკეთეს, თვითონ ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადება როგორია, რა ხდებოდა მათ მიერ სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. ვეტინგების და სასამართლოების შტურმის აღებით და შემდეგ ხელისუფლების ჩამოშლით, გახსოვთ ისრაელის ლიდერის განცხადება, რომ სასამართლოს ძალით ახდენდნენ ისინი ხელისუფლების შეცვლას. რუმინეთში რა მოხდა ამის ნათელი მაგალითია. ასე რომ, დაველოდოთ. დრო გვიჩვენებს ყველაფერს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გადაიტვირთება ჩვენი ურთიერთობა და დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რომელზეც არსებობდა და რომელსაც ჰქვია ჯანსაღი ქართულ-ამერიკული ურთიერთობა. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მზად არის, რომ ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან ჰქონდეს ღირსეული ურთიერთობა, რომელიც უნდა ემყარებოდეს ურთიერთპატივისცემას“-განაცხადა სოსიაშვილმა.