უცხოური მედია

კრემლი – პუტინისა და ტრამპის საუბრის დროს აღინიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობა უნდა იყოს კიევისთვის საგარეო სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის შეწყვეტა

ტრამპის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რუსულმა მხარემ აღნიშნა რიგი საკითხები, რომლებიც ეხება საბრძოლო ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფას, ასევე უკრაინელების იძულებითი მობილიზაციისა და სამხედროების გადაიარაღების შეჩერებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ასევე აღინიშნა სერიოზული რისკები, დაკავშირებული კიევის რეჟიმის შეთანხმების უუნარობასთან, რომელმაც უკვე არაერთხელ ჩაშალა და დაარღვია მიღწეული შეთანხმებები. ყურადღება გამახვილდა კურსკის ოლქის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინელი მებრძოლების მიერ ჩადენილ ბარბაროსულ ტერორისტული ხასიათის დანაშაულებზე“, -აღნიშნულია განცხადებაში.

„ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში არსებული სიტუაცია. ვლადიმერ პუტინმა მადლიერება გამოხატა დონალდ ტრამპის მიმართ საბრძოლო მოქმედებებისა და ადამიანური დანაკარგების შეწყვეტის კეთილშობილური მიზნის მიღწევისკენ სწრაფვისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, საგულდაგულოდ შეისწავლოს მოგვარების შესაძლო გზები, რომელიც უნდა იყოს კომპლექსური, მდგრადი და გრძელვადიანი ხასიათის. და რა თქმა უნდა, გაითვალისწინოს კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობა და რუსეთის კანონიერი ინტერესები უსაფრთხოების სფეროში“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

კრემლის ცნობით, საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისა და მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით საკვანძო პირობა უნდა იყოს საგარეო სამხედრო დახმარებისა და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეწყვეტა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დონალდ ტრამპის ბოლო მოწოდებასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნონ სიცოცხლე კურსკის ოლქში ალყაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ რუსული მხარე მზადაა, იხელმძღვანელოს ჰუმანიტარული მოსაზრებებით და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების სიცოცხლისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას აძლევს რუსეთის კანონებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. რუსული მხარის ცნობით, საუბრისას დონალდ ტრამპმა წამოაყენა წინადადება, რომ კონფლიქტის მხარეებმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმებზე 30 დღით უარი თქვან. ვლადიმერ პუტინი ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა და რუს სამხედროებს მაშინვე მისცა შესაბამისი ბრძანება. რუსეთის პრეზიდენტი ასევე კონსტრუქციულად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულ იდეას შავი ზღვის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების შესახებ ცნობილი ინიციატივის განხორციელების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამგვარი შეთანხმების კონკრეტული დეტალების დამატებითი შემუშავებისთვის“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

კრემლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ასევე ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია, რომ 19 მარტს რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა განხორციელდება – 175/175-ზე. კრემლის ცნობით, გარდა ამისა, კეთილი ნების ჟესტად, უკრაინულ მხარეს გადასცემენ რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ მყოფ 23 მძიმედ დაჭრილ უკრაინელ სამხედროს. კრემლის განცხადებით, ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მისაღწევად ორმხრივ რეჟიმში, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ზემოაღნიშნული წინადადებების გათვალისწინებით და ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული ექსპერტთა ჯგუფები.

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ასევე შეეხნენ საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა საკითხებს, მათ შორის ვითარებას ახლო აღმოსავლეთში და წითელი ზღვის რეგიონში. კრემლის ცნობით, ერთობლივი ძალისხმევა განხორციელდება კრიზისულ წერტილებში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის დასალაგებლად. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ზოგადი ატმოსფეროს გაუმჯობესებას.

ამის ერთ-ერთ დადებით მაგალითად კრემლის განცხადებაში დასახელებულია გაერო-ში სოლიდარული კენჭისყრა უკრაინის კონფლიქტის შესახებ რეზოლუციაზე. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის დროს ორმხრივი ინტერესი გამოითქვა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე რუსეთისა და შეერთებული შტატების განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

კრემლის ცნობით, ამ კონტექსტში განიხილებოდა სფეროების ფართო სპექტრი, რომლებშიც ორ ქვეყანას შეუძლია თანამშრომლობის დამყარება. განხილულ იქნა ეკონომიკასა და ენერგეტიკაში ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პერსპექტივა. რუსული მხარის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის იდეას, მოეწყო ჰოკეის მატჩები აშშ-სა და რუსეთში რუს და ამერიკელ მოთამაშეებს შორის. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, შეინარჩუნონ კონტაქტი ყველა წამოჭრილ საკითხზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,950,878 ნახვა