პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ჩვენს ქვეყანას გააჩნია უნიკალური გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც ქმნის იმის შანსს, რომ ნეიტრალიტეტის და მყარი, ეკონომიკურად მდგრადი, სტაბილური სახელმწიფოს შექმნით ის საჭირო გახდეს არა მხოლოდ დიდი მოთამაშეებისთვის, არამედ რეგიონული მნიშვნელობის სახელმწიფოებისთვისაც

„ახალ ვითარებაში, საქართველომაც უნდა მოძებნოს საკუთარი ადგილი, რომელიც მას მიმზიდველს და საინტერესოს გახდის დიდი პოლიტიკური მოთამაშეებისთვის“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ჩვენს თვალწინ იბადება ახალი მსოფლიო, რომელიც ამკვიდრებს სრულიად ახალ პრიორიტეტებს, რაც პრაგმატულ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას და ბიზნეს-ეკონომიკას გულისხმობს.

კაკაბაძის განცხადებით, საქართველოს უნიკალური გეოპოლიტიკური მდგომარეობა, იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ ნეიტრალიტეტის და ეკონომიკურად მდგრადი, სტაბილური სახელმწიფოს შექმნით ის საჭირო გახდეს როგორც დიდი მოთამაშეებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობის მქონე ქვეყნებისთვის.

„საქართველოს ნეიტრალიტეტი ახალ რეალობაში
თითქმის ორი საუკუნეა, რაც მსოფლიო პოლიტიკის ორიენტირებს განსაზღვრავს იდეოლოგიების დაპირისპირებები.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის, წამყვანი გახდა კარლ მარქსის მეცნიერულ-ფილოსოფიურ-ეკონომიკური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც კაცობრიობის განვითარების განმსაზღვრელად კლასთა ბრძოლა გამოცხადდა.

ლენინმა ეს მოძღვრება საკუთარი ნოვაციების შეტანით მოარგო რუსულ რეალობას, მოახდინა ბოლშევიკური
გადატრიალება და დაამყარა პროლეტარიატის დიქტატურა, რაც მთელი 70 წელი იყო საბჭოთა კავშირად წოდებული რუსეთის იმპერიის საფუძველი.

ამ იდეოლოგიის მიხედვით, კომუნისტების ცხოვრების არსი და მიზანი იყო მსოფლიოში „ანტიხალხური და მჩაგვრელი“ ბურჟუაზიული წყობილების ნაცვლად ისეთივე „ნათელი, პროგრესული და ბედნიერი“ საზოგადოების ჩამოყალიბება, როგორიც იყო საბჭოთა კავშირში.

საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაამარცხა დასავლეთისლიბერალურ-დემოკრატიულმა იდეოლოგიამ, რის შედეგადაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და ჩამოყალიბდა ერთპოლუსიანი სამყარო.

ასეთ სამყაროში დამარცხებული კომუნისტური იდეოლოგიის ადგილი დაიკავა ლიბერალურმა იდეოლოგიამ, რომელიც ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ნელ-ნელა თვითონვე გადაიქცა ტოტალიტარულ მოძღვრებად, საიდანაც თანდათან განიდევნა ტრადიციული ლიბერალური ღირებულებები, აიკრძალა გაბატონებული პოზიციისაგან განსხვავებული აზრების ქადაგება, შეიზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ერთი სიტყვით, კომუნისტური ტოტალიტარიზმი ჩაანაცვლა ფსევდოლიბერალურმა ტოტალიტარიზმმა. ფსევდოლიბერალური ტოტალიტარიზმი არ იყო ისეთი მკაცრი და სასტიკი, როგორიც 20-50-იანი წლების ბოლშევიკური ტოტალიტარიზმი, მაგრამ სამაგიეროდ ფსევდოლიბერალთა დიქტატურა თავისი არსითა და გამოხატვის ფორმებით გაცილებით უფრო მკაცრი და სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე 70-80-იანი წლების საბჭოური ტოტალიტარიზმი.

ფსევდოლიბერალური ტოტალიტარიზმი ბოლო პერიოდის საბჭოთა სისტემის მსგავსად საზოგადოებაში დამკვიდრებულ კლიშეებისა და ფსევდომორალის საზღვრებიდან გასულ მოქალაქეებს მართალია აღარ ასახლებდა გულაგებში, როგორც ეს ხდებოდა ბოლშევიკურ რუსეთში, არამედ ისინი „მხოლოდ“ კეთროვანებად ცხადდებოდნენ. ოღონდ ორივე შემთხვევაში საზოგადოებისგან იმ დონის გარიყვა და ბულინგი ხდებოდა, რომ დაბულინგებას და დამცირებას უმრავლესობა გაჩუმებას და შეგუებას ამჯობინებდა.

უფრო მეტიც, ასეთი მორალური ტერორის ფონზე საზოგადოების დიდი ნაწილი იძულებული იყო ეთამაშა „მოდური და ტრენდად ქცეული“ “ლიბერალის” როლი, თუ მას ჰქონდა რაიმე წარმატების მიღწევის მიზანი. საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ „თანამედროვე კარგ ტიპად“ წარმოჩენის სურვილით ზოგიერთები საჯაროდ ლგბტ თემის კუთვნილებასაც კი იბრალებდნენ.

ასეთი ქცევა კი იმ სიტუაციას ჰგავდა, როდესაც საბჭოთა ადამიანი ვერ მიაღწევდა ცხოვრებაში წინსვლას, თუ კომპარტიის წევრი არ გახდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმოდათ კომუნისტური იდეების აბსურდულობა.
ამერიკის ბოლო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ლიბერალური ტოტალიტარიზმის მიერ „ჩაგრულმა მასებმა“ მოაწყვეს უსისხლო რევოლუცია და მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში საკუთარ ხელში აიღეს ძალაუფლება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ძალების მიერ ძალაუფლების ხელში აღებიდან 2 თვეც არ გასულა და ჩვენს თვალწინ იბადება ახალი მსოფლიო, რომელიც ამკვიდრებს სრულიად ახალ პრიორიტეტებს. უკვე ჩანს, რომ ამ ახალი მსოფლიოს განვითარების განმსაზღვრელია არა იდეოლოგიები, არამედ პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა და ბიზნეს-ეკონომიკა.

სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში წინა პლანზე მოდის არა მოწონება-არმოწონება ან ქვეყნებს შორის არსებული სიყვარული თუ სიძულვილი, არამედ ამ ურთიერთობებში სარგებლის მიღების ზომები და მასშტაბები.
რაც შეეხება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, ახალი პოლიტიკა ამასაც ობიექტურად, ოღონდ პრაგმატულად შეაფასებს.

დღეს ამ ღირებულებების დასაცავად არსებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინსტიტუტები ძირითადად მხოლოდ ლოზუნგების დონეზე და პოლიტიკური სარგებლიანობის მიღების მიზნით იყენებს ადამიანის უფლებების დაცვის თემას. მაგალითად, სულ ბოლო დღეებში სირიაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის და ასეულობით ბავშვის მასობრივ მკვლელობებზე ამ საერთაშორისო ინსტიტუტებმა პირში წყალი ჩაიგუბეს, ხოლო საქართველოში რამდენიმე ათეული მოძალადე მომიტინგის დაპატიმრებაზე სრულიად არაადეკვატური ხმაური აქვთ ატეხილი და თითქმის ყოველდღე დაჟინებით ცდილობენ, რომ ეს თემა როგორმე საქართველოს ხელისუფლების დამხობისთვის გამოიყენონ.

განვლილმა ათწლეულებმა გვიჩვენეს, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვის საკითხები რეალურად მხოლოდ იმ ქვეყნებში შეიძლება იყოს სათანადო დონეზე, სადაც არსებობს ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო.

სუსტი ეკონომიკის, ღარიბ სახელმწიფოებში ამ თემებს ძლიერი სახელმწიფოები იყენებენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ანგარებითი მიზნების მისაღწევად, აფინანსებენ ასეთ ქვეყნებში თავის გავლენის აგენტებს, უვლიან მათ, ატრენინგებენ და ლამაზი სიტყვებითა და ლოზუნგებად ქცეული მესიჯბოქსებით ცდილობენ მათი პოზიციების გაძლიერებას იმ მიზნით, რომ მათი ხელისუფლებაში მოყვანით ადგილებზე დასვან უცხო ქვეყნების გამტარებელი მთავრობები.

ამ ახალ ვითარებაში საქართველომაც უნდა მოძებნოს საკუთარი ადგილი, რომელიც მას მიმზიდველს და საინტერესოს გახდის დიდი პოლიტიკური მოთამაშეებისთვის. ჩვენს ქვეყანას გააჩნია უნიკალური გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც ქმნის იმის შანსს, რომ ნეიტრალიტეტის და მყარი, ეკონომიკურად მდგრადი, სტაბილური სახელმწიფოს შექმნით ის საჭირო გახდეს არა მხოლოდ დიდი მოთამაშეებისთვის (აშშ, ევროპა, რუსეთი, ჩინეთი), არამედ რეგიონული მნიშვნელობის სახელმწიფოებისთვისაც (თურქეთი, ირანი, არაბული სამყარო). ეს კი მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ახალ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება შეძლებს კლიშეებისა და კომპლექსების გადალახვას, წინა პლანზე წამოწევს არა იდეოლოგიური თუ ისტორიული მეხსიერებით განპირობებულ განცდებსა და გრძნობებს, არამედ იმოქმედებს პრაგმატულად და მიაღწევს საკუთარი ქვეყნის ქცევას ძლიერ, სწრაფად განვითარებად და სტაბილურ ქვეყნად, რასაც დაემატება ნეიტრალური სტატუსის სახელმწიფოდ გამოცხადება, სადაც არ იქნებიან განლაგებული არც ერთი სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ასეთ შემთხვევაში საქართველოს გაეხსნება დიდი პერსპექტივა იმისათვის, რომ სულ მოკლე ხანში მნიშვნელოვნად გაიზარდოს გარედან მოზიდული ინვესტიციები და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად ამაღლდეს მოქალაქეთა კეთილდღეობა.

ამ ყველაფრის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ გაბედული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმით, დაუღალავი შრომით, პატრიოტული ძალების უნარების, ენერგიისა და რესურსების მობილიზებითა და აკუმულირებით.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის ქვეყანას არავინ დატოვებს ნეიტრალურად და ყველა დიდ მოთამაშეს აქ ექნება საკუთარი გავლენის ინტერესები. ვფიქრობთ, ესეც გუშინდელი დღის მიდგომაა, როდესაც პოლიტიკას განსაზღვრავდა იდეოლოგიები და არა პრაგმატული ეკონომიკური ინტერესები.

დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლების მოქნილი პოლიტიკის არსი სწორედ იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ საქართველო წარმოაჩინოს და მისი პოტენციალი ისეთად შესთავაზოს სახელმწიფოებს, რომ აქ ყველამ პირველ რიგში დაინახოს საკუთარი უსაფრთხოების ასევე ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობები და გარანტიები, აქ უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც პირველ რიგში სარგებელს მოუტანს საქართველოს და შემდეგ ჩვენს პარტნიორებს.

ოღონდ ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი საზოგადოებისთვის გასაგებად უნდა იყოს ახსნილი, რათა საქართველოს მოქალაქეებმა დაიჯერონ, რომ უახლოეს მომავალში ისინი ნახავენ წარმატებულ შედეგებს როგორც ქვეყნის საერთაშორისო წინსვლის, ისე საკუთარი კეთილდღეობის ხელშესახები გაზრდის მიმართულებით,” – წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,948,799 ნახვა