„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, ამბობს, რომ ამით საერთო საქმეს დააზიანებენ და ბიძინა ივანიშვილის თამაშში შევლენ.
„ასეთ არჩევნებში ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ. ზოგ მუნიციპალიტეტში ერთ, ორ საკრებულოს წევრს შეიყვანენ და თუ ამით ბედნიერები იქნებიან ღმერთმა ხელი მოუმართოთ, უბრალოდ საერთო საქმეს ძალიან დააზიანებენ. ძალიან ცუდი თუ აპირებენ. ანუ, ბიძინა ივანიშვილის თამაშში შედიან და მისი ძალაუფლების ლეგიტიმაციას ახდენენ უკვე ადგილობრივ დონეზე. ამ არჩევნებთან თუ პრობლემა არ გაქვს, ე.ი არც წინა არჩევნებთან გქონია დიდი პრობლემა“-აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ცისკარიშვილის თქმით, ვინც მართლა ოპოზიციონერად თვლის თავს ამ თამაშში არ უნდა შევიდეს.
„ეს ამდენი ხალხი, გახარიას თუ არ ჩავთვლით გაუგებარია მისი პოზიცია, ნახევრად არის თუ არ არის. 61 დეპუტატი პარლამენტში არ შევიდა, ბოიკოტი გამოუცხადა, ამით მათი ლეგიტიმაცია არ მოახდინა და როგორ შეიძლება ქართველმა, დეპუტატად არჩეულმა სუბიექტმა მოახდინოს იმ ადამიანების ლეგიტიმაცია და მათთან ერთად ერთ დარბაზში იჯდეს, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სტრასბურგში ევროპელმა პარლამენტარებმაც კი არ ისურვეს მათთან საერთო დარბაზის გაზიარება და ლეგიტიმაცია მერე ამათ თავისით მოიხსნეს ვითომ, დატოვეს იქაურობა, თორემ არც ისინი აძლევდნენ. ასე რომ, სწორი გადაწყვეტილება იყო პარლამენტში რომ არ შევედით. პარლამენტში არ შედიხარ, არჩევნებს არ აღიარებ, მაგრამ ამ ადგილობრივ არჩევნებზე რა, “ნიჩურტა” მაქვს და მოდი ვცადოთ ბედი, იქნებ ერთი ორი საკრებულოს წევრი სადმე გავაძვრინო და ამ თამაშში მოგყვები? ეს იქნება სწორი მესიჯი ბიძინა ივანიშვილის გასაგონად ისევე, როგორც მთელი დასავლური სამყაროს მიმართ? მე არ ვფიქრობ, რომ ვინც მართლა ოპოზიციონერად თვლის თავს ამ თამაშში უნდა შეყვეს იმ მოცემულობაში, რაც დღეს გვაქვს, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მაგრამ მოდი იქამდე დაველოდოთ, იქნება და ფეხზე დადგეს ის ცოცხალი ორგანიზმი რუსთაველის გამზირზე, გაიზარდოს, მეტი ჯანი შეემატოს და საქმეც ბოლომდე მივიდეს“-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.