სამწუხაროა, რომ ბალტიისპირეთს თავიდან ბოლომდე აკონტროლებს “დიფ სთეითი”, იგივეა შვედეთის და სხვა ქვეყნების შემთხვევები, სადაც მთლიანად ევრობიუროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატები არიან “დიფ სთეითის” გავლენის ქვეშ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანი გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც ოპოზიციის პროტესტის 100 დღეზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ “საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს და ადამიანის უფლებების პატივისცემა უზრუნველყოს”.
მისი შეფასებით, “დეფ სთეითმა” რებრენდინგი მოახდინა და USAID-ის და NED-ის ნაცვლად, ახლა კონკრეტული ევროპული ქვეყნების დად ევრობიუროკრატების საშუალებით ცდილობს საქართველოში არეულობის მოწყობას.
“როდესაც USAID-ისგან და NED-ისგან ცდილობდა “დიფ სთეითი” საქართველოში რევოლუციური სცენარის მოხდენას, ამ შემთხვევაში, მათ უბრალოდ საკუთარი თავის რებრენდინგი მოახდინეს და ახლა, ამ კონკრეტული ქვეყნების მეშვეობით ცდილობენ, აჟიოტაჟი შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში. რა შეგვიძლია ბალტიისპირეთის სანქციებზე ვთქვათ? ლაშა ტალახაძე რომ სანქცირებულთა სიაში მოხვდება, უბრალოდ სამარცხვინოა. მათ სია პირდაპირ მიაწოდეს იქ გადაბარგებულმა კოლექტიურმა გიგაურებმა და ლომჯარიებმა. როდესაც უტევდნენ ჩვენს ქვეყანას USAID-ის და NED-ის მეშვეობით და არაფერი გამოუვიდათ, მადლობა ღმერთს, აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ამხილა ეს დონორი ორგანიზაციები იმ კრიმინალურ საქმიანობაში, რასაც ისინი ეწეოდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ ათობით ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, უკვე მთლიანად აქცენტი გააკეთეს ევროპულ ქვეყნებზე და ევრობიუროკრატებზე.” – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მისივე განცხადებით, რეალურად, არაფერი შეცვლილა და ვინაიდან უკვე ზემოთ ხსენებული ორივე ორგანიზაცია რევოლუციის მოწყობის ინსტრუმენტად აღარ გამოდგება, ამიტომ, “დიფ სთეითი” ბრიუსელის ბიუროკრატიაზე გადაერთო.
“შვედეთის შემთხვევაც არ არის გამონაკლისი, შემიძლია ჩვენს საზოგადოებას შევახსენო გერმანიის საელჩოს განცხადება, როდესაც ირიბად მაიდანიზაციისკენ მოუწოდა ჩვენს მოსახლეობას სულ რამდენიმე თვის წინ. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ “დიფ სთეითმა” რებრენდინგი მოახდინა, ვინაიდან, მათ USAID-ი და NED-ი გამოეცალათ როგორც რევოლუციის მოწყობის ინსტრუმენტი საქართველოში და არა მარტო საქართველოში და მათი რებრენდინგის შედეგია ის, რომ შვედეთის, ბალტიის ქვეყნების, მათი ბიუროკრატების, ბრიუსელის ბიუროკრატების მეშვეობით, ცდილობენ, ჩვენთან შემოიტანონ არეულობა, ქაოსი და მიიყვანონ ყველაფერი რევოლუციამდე. რეალურად არაფერი შეცვლილა, ეს არის უბრალოდ რებრენდინგი.” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.