შესაძლოა, იმის ნახევარიც არ ვიცით, რა ინფორმაციასაც ფლობს ტრამპის ადმინისტრაცია, მაგრამ ის, რაც სააშკარაოზე გამოვიდა, და რამაც ნახა დღის შუქი და არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ეს უკვე გამაოგნებელია, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ შეერთებულ შტატებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.
„ეს არის მათი შიდა პოლიტიკა, ეს იყო მათი ფული, მათი გადამხდელების გადასახადები, ასე რომ დავაკვირდეთ მოვლენებს. ლოგიკური ეჭვი მაქვს და მოსაზრება, რომ ძალიან მალე ვნახავთ კონკრეტულ სამართლებრივ შეფასებებსაც ამა თუ იმ მიმართულებით დაფინანსებების კუთხით და პროგრამების კუთხით“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით პოსტი გააზიარა. „დიდებული იდეაა“ – მასკი ამ კომენტარით გამოეხმაურა მოსაზრებას, რომ „ენჯეოების“ გაუქმებით ამერიკელების პრობლემების უმეტესობა აღმოიფხვრება.