„ქართული ოცნების“ წევრი, უმრავლესობის დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს „დიფ სთეითის“ პირდაპირი კარნახით გაკეთებული განცხადებას“.
სოსიაშვილის თქმით, საზოგადოება კარგად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას, რომ შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა. შესაბამისად, „თოჯინების თეატრის რაღაც წარმოდგენებს“ ყურადღებას არ აქცევენ.
„თოჯინების თეატრის მორიგი წარმოდგენა გახლავთ ეს ამბავი. აქ არაფერ შუაში არ არის შვედეთი და შვედეთის საგარეო უწყების რაღაც განცხადება. აქ არის „დიფ სთეითის“ პირდაპირი კარნახით გაკეთებული განცხადება. „დიფ სთეითი“ რასაც უკარნახებს იმას აჟღერებენ, რომ როგორღაც ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, მოხდეს არეულობა, ქვეყანა გაეხვეს ამ უბედურებაში და როგორღაც ცეცხლის ხაზი ჩვენკენ გადმოვიდეს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის პოზიცია არის ურყევი, მტკიცე. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევას, რომ შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა. მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი ზეწოლის, ბულინგის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი ხალხისთვის შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და საზოგადოება განვითარებულიყო მშვიდ გარემოში და ეს ასეც იქნება. ასე რომ, თოჯინების თეატრის რაღაც ეპიზოდებს და წარმოდგენებს ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ“-განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
ცნობისთვის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში პროტესტის მე-100 დღესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.