ბიზნესი

Chiatura Management Company: DMT-ის დასკვნით დასტურდება, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია, რის გამოც „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს, – ინფორმაციას „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისოდ აღიარებულმა გერმანულმა საკონსულტაციო კომპანია DMT GmbH & Co. KG-იმ ჭიათურის საბადოებში ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები შეისწავლა.

„DMT-ის დასკვნით დასტურდება, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია, რაც გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:

1. მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;

2. მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;

3. შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა ;

მოპოვების კუთხით;

4. ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია;

ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ, ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.

„ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა ავტორიტეტული აუდიტორის DMT-ის მიერ მომზადებულმა დასკვნამ, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.

ბოლო წლის განმავლობაში საწარმოების ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა მოსახლეობის მხრიდან მაღაროების პარალიზების გამო. გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი გვიწევდა თანამშრომლებისთვის ხელფასის 100% გადაგვეხადა.

ამ დროის განმავლობაში ხელფასებს ვიხდიდით მოძიებული სესხებით, ეს თანხა ჯამში 83 მილიონამდე ლარს შეადგენს.

სწორედ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კოლოსალურ ზარალამდე, რასაც დაემატა ის, რომ ბანკებმა ახალი სესხების გაცემაზე უკვე უარი გვითხრეს. ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ.

მინდა განვმარტო, რომ CMC პასუხისმგებელი იყო ჭიათურის საწარმოების მართვაზე და მოპოვების თვითღირებულების შემცირებაზე. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენი მხრიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მცდელობას თან დაერთო სოციალური წინააღმდეგობა და შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რის გამოც გასული წლის ნოემბრიდან წარმოების სრული გაჩერება მოგვიწია”.

განაცხადა ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის დირექტორმა მაქსიმ მაზურენკომ.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთი საფუძველი გახდა პროფკავშირის მხრიდან კომპანიისთვის კოლექტიური ხელშეკრულებით დაკისრებული სოციალური ვალდებულებები, რამაც ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას შეუწყო ხელი.

მაგალითად, შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მაღაროების 70%-ის პარალიზებისა და ფაქტობრივად სრულად გაჩერებული წარმოების პირობებში, კომპანია CMC-ი დასაქმებულებს ხელფასის 100%-ს უხდიდა და უნარჩუნებდა საოჯახო სადაზღვევო პაკეტს. ხოლო საწარმოს სრულად გაჩერების პირობებში, უხდიდა ხელფასის 60%-ს.

ჯამში, გაჩერებული წარმოების პერიოდში, ბანკებიდან კრედიტების საშუალებით, კომპანიამ დასაქმებულებზე ხელფასის სახით 82,6 მილიონი ლარი გასცა. კრიზისის პირობებში, კომპანია დასაქმებულებს სრულად უნარჩუნებდა სოციალურ სარგებელსა და უხდიდა ხელფასს, რაც მძიმედ აისახა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.

ასევე, კომპანიამ დამატებით უნდა მოიზიდოს ფულადი სახსრები, დასაქმებულთათვის კომპენსაციების გასაცემად. დეტალებთან დაკავშირებით თანამშრომლებს კომპანიისგან დამატებით ეცნობებათ.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია აქტიურად არის ჩართული დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული განვითარების ალტერნატიული გზების ძიებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,947,737 ნახვა