პოლიტიკა

სოზარ სუბარი ელჩების საქმიანობაზე: არის შემთხვევები, რომ უცხოეთში, ქართულ ეკლესიაში, სადაც ყოველ შაბათ-კვირას იკრიბებიან ქართველები, ერთხელაც არ დაუნახავთ იქაური კონსული ან ელჩი. ასეთი ადამიანი მეორე დღესვე უნდა იქნეს გამოწვეული იქიდან

საქართველოს ფარგლებს გარეთ დიასპორასთან ურთიერთობების გააქტიურების კუთხით ელჩებისა და კონსულების მუშაობის გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები განიხილებოდა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, აუცილებელია ქვეყნის გარეთ არსებული რესურსების აქტიურად გამოყენება იმისათვის, რომ მოხდეს დიასპორის წარმომადგენლების სამშობლოსთან კავშირების აღდგენა.

„ბევრ ქვეყანაში შევხვედრივარ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს და ვიცნობ ბევრ ელჩსა და კონსულს, რომელსაც დიასპორასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. გავიხსენებ ერთი წლის წინანდელ ვიზიტებს ბარსელონასა და თესალონიკში, სადაც იქაურ კონსულებს, ბატონ ალეკო ჭკუასელს და ბატონ გელა ჯაფარიძეს აქტიური ურთიერთობა აქვთ იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. ყველას იცნობენ, ყველას სიხარულსა თუ გაჭირვებას იზიარებენ და შეძლებისდაგვარად ცდილობენ, ყველას გვერდით დაუდგნენ.

ამწუთას ჩვენს გვერდით არის და კომიტეტის სხდომას ესწრება ჩვენი კოლეგა თორნიკე ბერეკაშვილი, რომელიც იყო საქართველოს გენერალური კონსული უკრაინაში, ქალაქ ოდესაში. კარგად ვიცნობ მის საქმიანობას ოდესაში ომის დაწყებამდეც და ომის შემდეგაც, თითოეულ ქართველთან ჰქონდა ურთიერთობა და ყველაზე მძიმე პერიოდში, ომის ყველაზე ცხელ დღეებში გვერდით ედგა და პატრონობდა თითოეულ მათგანს. მინდა მადლობა ვუთხრა მას ყველას სახელით.

მეორე მხრივ, არაერთი შემთხვევა ვიცი, როდესაც ეკლესიაში, საელჩოები და საკონსულოები მაქსიმალურად არიან დისტანცირებული ჩვენი თანამემამულეებისგან. ვიცი არაერთი შემთხვევა, როცა ქართულ ეკლესიებში, სადაც ყოველ შაბათ-კვირას იკრიბებიან ქართველები, ერთხელაც არ მისულა არც ელჩი და არც კონსული. უბრალოდ ყურადღების მიქცევა უნდა ამას და ასეთი ადამიანი მეორე დღესვე უნდა იქნეს გამოწვეული თანამდებობიდან. მაშინ რისთვის არიან იქ – რომ ხელფასი ჰქონდეთ და მათმა შვილებმა სკოლაში ევროპაში იარონ – ეს არის კონსულისა თუ ელჩის დანიშნულება? თუ ამაში ხედავენ თავიანთ მისიას, ეს ძალიან ცუდია. წეღან ბარსელონა ვახსენე, სადაც არის არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი, შარშან შემოდგომაზე იქ დავესწარი წირვას და შემდეგ საკვირაო სკოლას. წარმოუდგენელია, რაც იქ ხდება – საოცარი ატმოსფერო, ბავშვები და მშობლები ერთად არიან, სწავლობენ ქართულ წერა კითხვას, სიმღერას, გალობას. აღსანიშნავია სასწავლო პროგრამები – სახელმწიფოს დახმარებით გამოცემულია მამა ლუკას მიერ შექმნილი საღვთო სჯულის სახელმძღვანელო და სხვა. ერთმანეთს არ კარგავენ ადამიანები, ეს არის ნავსაყუდელი, სადაც შაბათ-კვირას ყველას აქვს ერთმანეთის ნახვის საშუალება. რასაც იქ აკეთებს ეკლესია, რასაც საქმიანობენ ასეთი აქტიური სასულიერო პირები, იმას სახელმწიფო ძნელად გააკეთებს. მაგრამ მივესალმები, თუ იქნება სახელმწიფოს და ეკლესიის სინერგია, რაც ძალიან დიდ შედეგს მოგვცემს. მივესალმები, თუ ამ მიმართულებით სახელმწიფო უფრო მეტ პროგრამას შექმნის და მეტ რესურსსაც გამოყოფს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ცნობილი ჩვენი თანამემამულეების რესურსის გამოყენება, რომლებიც იქ მოღვაწეობენ და რომლებსაც დიდი ავტორიტეტი აქვთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მაგალითად, ესპანეთში არის ნიკო შერაზადიშვილი, ცნობილი ძიუდოისტი, რომელიც პირველი სპორტსმენია, ვინც ესპანეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მას აქტიური კავშირები აქვს საქართველოსთან. იგივე ძიუდოისტი ლუკა მხეიძე საფრანგეთში, ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე და მრავალი სხვა. მათი აქტიურობის და პატრიოტული სულისკვეთების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა, უპირველეს ყოვლისა, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირი შეინარჩუნონ და, ამავე დროს, ჯანსაღი ცხოვრების წესსაც დაუმეგობრდნენ.

ძალიან საინტერესო პროექტია „მომავლის ბანაკები“, რომლის ფარგლებშიც უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები ჩამოგვყავს საქართველოში და აქ მათ ეძლევათ საშუალება, უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ სამშობლოსთან. ეს არის კიდევ ერთი მიმართულება, სადაც სახელმწიფომ რესურსი არ უნდა დაინანოს, რადგან სამშობლოსთან კავშირის აღდგენისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ელჩების შერჩევის შესახებ სოზარ სუბარის პოზიციას დაეთანხმა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, რომელმაც აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს ელჩების სათანადოდ შერჩევა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის მთავრობა და პრეზიდენტი ღირსეულ კანდიდატებს შეარჩევენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,947,713 ნახვა