პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ექსპერტი რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ, ევროპისა და ამერიკის მიერ გაჟღერებული განცხადებების პარალელურად ჩინეთის სიჩუმეზე წერს და აღნიშნავს, რომ ბაიდენის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად, აღმოსავლეთი მსოფლიო პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო და ამის გამოსწორება ტრამპის ადმინისტრაციას გაუჭირდება.
“ამერიკის გასაღიზიანებლად, ევროკავშირმა შესაძლოა ჩინეთთან რაღაც მანევრები დაიწყოს, მაგრამ რამდენად უშველის თუნდაც ეს მის გადარჩენას, ნაკლებად სავარაუდოა.”- წერს თამარ ჩიბურდანიძე და განმარტავს, რომ ევროპა ჩინეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს ფაქტორიც შემოდის, შესაბამისად , ევროპას აღმოსავლეთთან ეკონომიკური კავშირის მიზნით, ბოდიშის მოხდა მოუწევს.
“დასავლეთის ბოლო პერიოდის ხმაურიანმა პროცესებმა ანალიტიკოსებს თითქოს მიავიწყა თანამედროვე გეოპოლიტიკის უდიდესი პოლიტიკური მოთამაშე – ჩინეთი, რომელიც ტრადიციული ხასიათიდან გამომდინარე, ჩუმად და დინჯად აკვირდება მოვლენებს. თუკი გასული სამი წლის განმავლობაში უკრაინის ომის თემასთან დაკავშირებით ხშირად იხსენიებოდა ახალი გიგანტი სახელმწიფო, დღეს, ამ ადუღებულ პოლიტიკურ პროცესებში , ჩინეთი ფრთხილ სიჩუმეს ამჯობინებს. ბუნებრივია, რუსეთ-უკრაინის ომი არ არის მისი ომი, ეს ამერიკა-რუსეთის ომია, რასაც ევროკავშირი მისი ორმაგი თამაშიდან გამომდინარე, მსხვერპლად ეწირება. სწორედ ომის პოლიტიკის ავტორების “დამსახურებაა” დღეს ასე სწრაფად აღმოსავლეთის ამობრწყინება, რისი გამოსწორებაც სურს ამერიკის ახალ ხელმძღვანელობას, თუმცა უკვე გვიანია. პოლიტიკა ასეთ სერიოზულ შეცდომებს არავის პატიობს.
სავარაუდოდ, ტრამპის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბრძოლა ჩინეთის წინააღმდეგ ვერ იქნება საკმარისი იმ შეცდომის გამოსასწორებლად, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუშვა. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. ამერიკა-რუსეთს შორის ახალი პოლიტიკური სვლების და ევროკავშირის თვითგამორკვევის პროცესის ფონზე, ჩინეთის სიჩუმე ბევრი რამის მთქმელია. დრო დღეს მხოლოდ მასზე მუშაობს. როდის მოვისმენთ აღმოსავლეთიდან მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკურ განცხადებებს, ძნელი სათქმელია, თუმცა, ფაქტია, რომ მსოფლიო მის სიტყვას ელოდება. უკრაინის კონფლიქტში ტრამპმა პირისპირ ამჯობინა პუტინთან დაჯდომა და სწორი სტრატეგიაც აირჩია, მაგრამ ამ ომის შემდეგ ევროპაა დასალაგებელი და აი, აქ გველოდება ალბათ ყველაზე დიდი სენსაციები.
ამერიკის გასაღიზიანებლად, ევროკავშირმა, შესაძლოა, ჩინეთთან რაღაც მანევრები დაიწყოს, მაგრამ რამდენად უშველის თუნდაც ეს მის გადარჩენას, ნაკლებად სავარაუდოა. როდესაც პრობლემა შიგნით არის მმართველობაში, ის პრობლემა გარედან ვერ გვარდება. თუმცა, ევროპა ჩინეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები, მაგრამ აქ უკვე საქართველოს ფაქტორი შემოდის და ჩვენზე უსამართლოდ ახირებულ ევროპას მოუწევს ბოდიშის მოხდა, აღმოსავლეთთან ეკონომიკური კავშირების მიზნით. მოკლედ, დასავლეთის ცეცხლსა და აღმოსავლეთის ყოვლისმთქმელ სიჩუმეს შორის საქართველო ინარჩუნებს პოლიტიკური წონასწორობის პოზიციას. შესაძლოა ვიღაცისთვის თვეები, დღეები ან სულაც, საათები წყვეტდეს ყველაფერს, მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება. ბრძენ კაცს უთქვამს, როდესაც ტვინი მუშაობს, ფეხებს ნაკლები ჯაფა ადგებათო,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.