აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ასრულებს მუშაობას იმ ქვეყნების სიაზე, რომელთა მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა აეკრძალებათ. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რომელიც ორი ჩინოვნიკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, ახალი სია იქნება უფრო ვრცელი, ვიდრე ის ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იყო.
პროექტის თანახმად, შექმნილი იქნება ქვეყნების „წითელი“ სია, რომლის მოქალაქეებისთვისაც ამერიკაში შესვლა აკრძალული იქნება. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ სიაში იქნებიან კუბა, ირანი, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სუდანი, სირია, ვენესუელა და იემენი. ეს ქვეყნები სიაში ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც ფიგურირებდნენ.
შესაძლოა, სიას დაემატოს ავღანეთიც. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი შონ ვანდაივერი, რომელიც ავღანელ მოქალაქეებს გადასახლებაში ეხმარება, ამბობს, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში შესვლა ავღანეთის მოქალაქეებსაც აეკრძალებათ.
The New York Times-ი აგრეთვე იუწყება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნების „ნარინჯისფერი“ და „ყვითელი“ სიების შედგენასაც აპირებს. „ნარინჯისფერ“ სიაში მოხვედრილი ქვეყნების მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გაიცემა ამერიკული ვიზა, რომლებიც შეძლებული ოჯახიდან არიან, და რომელთა მოგზაურობის მიზანია ბიზნესი.
„ყვითელ“ სიაში შეყვანილ ქვეყნებს ოფიციალური ვაშინგტონი 60-დღიან ვადას მისცემს, რათა მათ ხარვეზები გამოასწორონ. თუ ეს ასე არ მოხდება, „ყვითელ“ კალათაში მყოფი ქვეყნები „ნარინჯისფერ“ ან „წითელ“ ჯგუფში გადაინაცვლებენ.