მათ იმედი აღარ აქვთ რომ სერიოზული პროცენტები ექნებათ არჩევნებში, ალოგიკურობა იმაშია, რომ დღეს ეს ხალხი ითხოვს არჩევნების დანიშვნას მაშინ, როდესაც არჩევნები დანიშნულია ოქტომბერში, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების უარს, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.
„მათ იმედი აღარ აქვთ რომ სერიოზული პროცენტები ექნებათ არჩევნებში, ალოგიკურობა იმაშია, რომ დღეს ეს ხალხი ითხოვს არჩევნების დანიშვნას მაშინ, როდესაც არჩევნები დანიშნული არის ოქტომბერში. თუ სხვა ტიპის არჩევნები ჩატარდება? ფორმულა, რომ ხალხი მხარს არ გიჭირდეს და ისე მაინც მოიგო არჩევნები, ამისთანა არ მოუგონია არავის დედამიწაზე. ერთადერთი აქვს მოგონილი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომ თუნდაც მიიღოს ათი ათასი ხმა, მაინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. რა ფორმით და რა კონფიგურაციით ამას საზოგადოება წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაიგებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, „გირჩია”.