აშშ-ში მამაკაცმა დაკავებამდე მოპარული Tiffany-ს საყურეები გადაყლაპა. ჯეიტან გილდერმა მაღაზიიდან 769 500 დოლარის ღირებულების სამკაული მოიპარა, – წერს BBC-ი.
32 წლის ჯეიტან გილდერმა Tiffany & Co.-ს თანამშრომლებს ფლორიდაში განუცხადა, რომ პროფესიონალი სპორტსმენის წარმომადგენელია. მას რამდენიმე ძვირადღირებული სამკაული აჩვენეს. გილდერმა სამკაული მოიპარა და მაღაზიიდან გაიქცა.
გაქცევისას მას თან ჰქონდა ორი წყვილი საყურეები და ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც, მისი თქმით, მაღაზიიდან გაქცევისას ხელიდან გაუვარდა. დაკავებამდე პოლიციელებმა დაინახეს, როგორ გადაყლაპა მან, სავარაუდოდ, მოპარული საყურეები. მოგვიანებით პოლიციამ გამოაქვეყნა რენტგენის სურათი, რომელზეც მამაკაცის მუცელში უცხო სხეული ჩანდა.
პოლიციელების განცხადებით, გილდერმა Tiffany & Co.-ს ტეხასში მდებარე მაღაზია 2022 წელსაც გაძარცვა. კოლორადოში კი მის დასაკავებლად 48 ორდერია გაცემული.