განსხვავებულობის დეფიციტს უფრო ვგრძნობ, ვიდრე იმას, რომ ვინმე რამეში ვერ გაერთიანდა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ბევრი საუბარია ერთობაზე. მათ შორის, ზურა საუბრობს ხოლმე ძალიან ბევრს, გიორგი ვაშაძე საუბრობს ძალიან ბევრს. ლელა საუბრობს ცოტა სხვა ფორმატში. ყველა რაღაც ერთობაზე საუბრობს, ოღონდ ყველას საკუთარი წარმოდგენა აქვს, რა ტიპის ერთობაა ის, რაც იქნება სწორი და ის თუ არ იყო, გადავშენდებით და კარგი არაფერი მოხდება, მერე რაღაც ასეთი დათქმებია. ამიტომ რთული ასარჩევია, რომელი ტიპის ერთობაზეა საუბარი. მაგალითად, პირადად მე ამ თვეების განმავლობაში განსხვავევბული აზრი უფრო არ მომისმენია. სულ ყველაფერზე ერთი აზრი მომისმენია. ყველა ყველაფერში ერთად არის; აქციაზეც ერთად არის; უცხოეთშიც ერთად არის; გადაცემას ჩართავ, ყველა ერთად არის; ყველა თითქმის ერთსა და იმავე რაღაცას საუბრობს. განსხვავებულობის დეფიციტს უფრო ვგრძნობ, ვიდრე აქ ვინმე რამეში ვერ გაერთიანდა. ერთადერთი არის რაღაც ფინანსური რესურსები, რაც მერე იწყებს სხვა ტიპის საშუალებებს და იმის გაერთიანება თუ მოხდება რაღაც ფორმით, ნუ, მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, მე რაღაცასთან მიმართებით მგონია, რომ ის რაღაც უნდა კეთდებოდეს და იმ რაღაცაზე საუბარი თვითონ მაგის გაკეთებასაც კი შანსს უკარგავს. რაც უფრო დიდხანს იქნება, რომ რაღაც ერთობა უნდა მოხდეს, მოხდეს, მოხდეს… მერე დაისმება ჟურნალისტისგან კითხვა, რომ თუ არ ხდება, რატომ არ ხდება, ვის გამო არ ხდება. მერე აქედან – აი, იმის გამო არ ხდება, ამის გამო არ ხდება, მერე უფრო ერთმანეთის ლანძღვა ისმის ხოლმე, ვიდრე იქ რამე პროცესი იგრძნობა. არ ვიცი, მე ეგეთი რაღაცებისგან ფიზიკურად დავიღალე და ფიზიკურად აღარ მჯერა. რაღაცას კარგს თუ მოიფიქრებთ, ერთად მოიფიქრებთ თუ ცალ-ცალკე, ნეტა მოვიფიქროთ – ან ისე, ან ასე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რაღაც ტიპის ხარისხი შენარჩუნდეს“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის როლს როგორ ხედავს ამ პროცესში, კობერიძემ უპასუხა, რომ თუ რაღაც ერთობა იქნება, რომლის ლიდერიც სალომე ზურაბიშვილი იქნება, პირადად ის ამ ერთობის ნაწილი არ იქნება.
„ზურაბიშვილმა ეგ როლი აითვისა, იდეაში, ეგ ფორმატიც ხომ მოიფიქრა. მერე უბრალოდ ეგ აღარ მოგვწონს, რაღაც უფრო მეტს ველოდებობით და თითქოს, არ იყო. თორემ, თქვა, რომ ეგ იყო მისი მიზანი, შეიქმნა ეგეთი ტიპის პლატფორმა, რომ რაღაც მოფიქრებულიყო, თქმულიყო და განხორციელებულიყო. მაგრამ ამის პარალელურად სალომე ზურაბიშვილის ფრაზები მომისმენია, რომ რაღაც ახალი პარტიები უნდა გაკეთდეს. კონფერენციაზე რომ იყო, იქაც ამაზე უფრო მეტად ისაუბრა და ცხადია, ის პარტიები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ის ერთობის ლიდერი უნდა იყოს, მერე საკითხს ასე დასვამდა, რომ ასე უყურებს ქალბატონი სალომე თუ ისე. პირადად მე, ცოტნე კობერიძეს ამის იმედი არ მაქვს. თუ რაღაც ერთობა იქნება, რომლის ლიდერიც იქნება სალომე ზურაბიშვილი, პირადად მე, ცოტნე კობერიძე მისი ნაწილი არ ვიქნები და სხვა რას იზამს, არ ვიცი. არ მჯერა და რისიც აღარ მჯერა, მაგ რაღაცების კეთებით უბრალოდ დავიღალე და არ ვთვლი, რომ იქნება სწორი“, – აღნიშნა კობერიძემ.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ ზურაბიშვილს ოპოზიციური ფრონტის მაკოორდინირებელ ფიგურად ვერ ხედავს, კობერიძემ აღნიშნა, რომ თუ არ მოგვწონს, რაც და როგორც არის, სხვანაირად უნდა შეიცვალოს რამე.
„ჩემი პოზიცია ვერაფერს შეცვლის. უბრალოდ, ეგ რაღაც ისედაც მიცემულია, აქციაზეც გამოვიდა, აიღო დროშად, რომ არის ამ აქციის, ამ ხალხის ლიდერი, ისედაც არის ეგ ფორმატი, თუ რამე სწორი და კარგი ხდება, ისედაც მოხდებოდა. კიდე რაღაც ფორმატი მოფიქრდება, სადაც სალომე ზურაბიშვილი დაინიშნება, როგორც მისი ლიდერი თუ პროცესი ასე გაგრძელდება, არ ვიცი. მე არ მგონია, რომ ეგ ცვლილებაა იმ სატატუს კვოსი, რაც ისედაც ახლა არის. ეს ისედაც ახლა არის. თუ არ მოგვწონს, რაც და როგორც არის, ახლა ესე იგი სხვანაირად უნდა შეიცვალოს რამე და სხვანაირად ცვლილებაში მე არ წარმომიდგენია. მგონია, რომ იმავეს გაგრძელება იქნება“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.