თავდაუზოგავად იმუშავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, ამ დღეების განმავლობაში, მედიკამენტების საჭიროებიდან დაწყებული, უშუალოდ სამედიცინო მომსახურების გაწევით დამთავრებული, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა საჭიროებაზე, – განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოზურგეთში.
მისივე თქმით, მდგომარეობა რთულია, თუმცა მობილიზებულია ყველა რესურსი.
„გვაქვს საქმე სტიქიასთან, რა თქმა უნდა, რთული მდგომარეობაა, მაგრამ შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკულად, ყველა ის საჭიროება, რომელიც აქვთ მოქალაქეებს, იქნება დაკმაყოფილებული. ეს არ არის მარტივი ამოცანა, ამისთვის მობილიზებულია ყველა რესურსი ყველა მიმართულებით. ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამართულ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ.
თავდაუზოგავად იმუშავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, ამ დღეების განმავლობაში, მედიკამენტების საჭიროებიდან დაწყებული, უშუალოდ სამედიცინო მომსახურების გაწევით დამთავრებული. ბუნებრივია, რომ ისე ოპერატიულად ვერ ხერხდებოდა ამ ყველაფრის განხორციელება დიდთოვლობის გამო, თუმცა ვფიქრობ, ეს პრობლემა უახლოესი საათების განმავლობაში გამოსწორებული იქნება და სადაც იქნება საჭიროება, ყველგან იქნება ხელმისაწვდომი ყველა ის რესურსი, რომელიც სჭირდებათ მოქალაქეებს,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს უმეტეს რეგიონში დიდთოვლობაა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გუშინ გურიის რეგიონში ჩავიდა და საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრა გამართა. პრემიერის განცხადებით, სტიქიასთან საბრძოლველად სრულად იქნება კოორდინირებული და მობილიზებული ყველა უწყება.