პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. „ჩნდება ლოგიკური კითხვა, ხომ არ მიმდინარეობს ევროკავშირის ბაზაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალი კავშირის შექმნის პროცესები? “- წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ევროპელი ლიდერების შეკრებაზე განსაკუთრებით აქტიურობენ იმ ქვეყნების ლიდერები, რომელთა პოლიტიკაც ბრიტანეთის პოზიციებთან თანხვედრაშია.
მისი თქმით, ახალი ალიანსის შექმნა გარდაუვალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი ევროკავშირის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას გაააქტიურებს, მერცი კი ამერიკისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით უპასუხებს.
თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, ტრამპის დღის წესრიგში ევროკავშირის საკითხი დადგება, ეს კი უფრო რთული და დაძაბული ბრძოლა იქნება, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება.
“მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიან-დემოკრატები კონსერვატორები არიან, მათი პოლიტიკა საკმაოდ არის გაჯერებული ლიბერალიზმით. სწორედ ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ისინი კოალიციას შექმნიან სოციალ-დემოკრატებთან და არა ულტრამემარჯვენეებთან. აქედან გამომდინარე, გერმანიის პოლიტიკა საგრძნობლად არ შეიცვლება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა, ეს დამოკიდებულია ტრამპი-პუტინი-სი ძინ პინის შეთანხმებაზეც.
მერცი შეეცდება გახდეს ევროკავშირის ლიდერი ამერიკისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, თუმცა ვერც ეს განმუხტავს ევროპაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს. პოლიტიკური კრიზისი ევროკავშირში წარმოიქმნა არასწორი “ომის პოლიტიკიდან” გამომდინარე. ამაზე მეტყველებს კიდეც არჩევნების შედეგები. ხალხმა უარი უთხრა შოლცის პარტიას, რაც მოსალოდნელიც იყო. მართალია, მერცი ამერიკისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას აპირებს, მაგრამ ამისთვის რესურსი სჭირდება თავად ევროკავშირში. მას შეიძლება ამ ბრძოლაში გაჰყვეს მხოლოდ საფრანგეთი და სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე სახელმწიფო, რომელსაც შედარებით ძლიერი ეკონომიკა აქვს. ევროკავშირის დანარჩენი სახელმწიფოები დამოკიდებულნი არიან ძლიერ ქვეყნებზე და მათი ბრძოლა ამერიკისგან დამოუკიდებლობისთვის, ნიშნავს სხვა ქვეყანაზე დამოკიდებულებას.
ამ პროცესებში კიდევ ერთი ფაქტორია საყურადღებო. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ევროპელი ლიდერების შეკრებაზე განსაკუთრებით აქტიურობენ გერმანია-საფრანგეთი-სკანდინავიის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ლიდერები, რომელთა შეხედულებებიც თანხვედრაშია ბრიტანეთის ამჟამინდელ პოლიტიკასთან. სწორედ ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვა, ხომ არ მიმდინარეობს ევროკავშირის ბაზაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალი კავშირის შექმნის პროცესები? თუკი ტრამპის აგრესიულ პოლიტიკას ევროკავშირმა მერცის ლიდერობით დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით უპასუხა, ძველის დაშლა და ახალი კავშირების წარმოქმნა გარდაუვალი იქნება.
მულტიპოლარულ სამყაროში, სადაც რამდენიმე მძიმეწონიანი სახელმწიფოები იყოფენ პოლიტიკას, ევროკავშირის ადგილი ჯერჯერობით გაურკვეველია. ასეთივე სიტუაციაში აღმოჩნდა ბრიტანეთიც. სწორედ ამიტომ, ძლიერი სახელმწიფოები ასე მარტივად არ დათმობენ საკუთარ პოზიციებს და შეეცდებიან ევროპის ტერიტორიაზე შექმნან კიდევ უფრო ძლიერი ალიანსი. უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ დონალდ ტრამპის დღის წესრიგში ევროკავშირის საკითხი დადგება და ეს იქნება ნამდვილად დაძაბული ბრძოლა. უფრო რთული, ვიდრე თუნდაც უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მოგვარება,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.