პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ჯო უილსონს პასუხობს – თქვენი მიმართვა რომ გულწრფელი ყოფილიყო, თქვენც დაგმობდით ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. ყალბ არჩევნებს

თქვენი მიმართვა რომ გულწრფელი ყოფილიყო, თქვენც დაგმობდით ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. ყალბ არჩევნებს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა და ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართა.

კერძოდ, სამხარაძე გამოეხმაურა ჯო უილსონის განცხადებას სადაც მან აღნიშნა: „მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მოითხოვონ ახალი არჩევნები და უარი თქვან „ქართული ოცნების“ დიქტატურასთან რეგულარულ ურთიერთობაზე, ვიდრე ისინი არ შეასრულებენ მოთხოვნებს“.

სამხარაძის თქმით, უცხოელ პოლიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის უილსონმა, არ ცნო საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და განაგრძობს სრულიად გადაუმოწმებელი ბრალდებების, დეზინფორმაციის გავრცელებას.

„ბატონო უილსონ, თქვენი მიმართვა რომ გულწრფელი ყოფილიყო, თქვენც დაგმობდით ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. ყალბ არჩევნებს. ახლა კი გადავიდეთ არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე – საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა პოლიტიკურად პლურალისტურ გარემოში, გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით და გაცილებით უკეთ იყო ორგანიზებული, ვიდრე ყველა წინა არჩევნები, უცხოელ პოლიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის ბატონმა უილსონმა, არ ცნო შედეგები და განაგრძობს სრულიად გადაუმოწმებელი ბრალდებებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას. ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა კი ეუთო-ს დასდო ბრალი, ვციტირებ, იმ რეჟიმების გავლენის ქვეშ ყოფნაში, რომლებიც არ არიან დაინტერესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით. ასეთი განცხადებები არა მხოლოდ ეუთო-ს რეპუტაციისა და კეთილსინდისიერების შელახვას ცდილობს, არამედ ხაზს უსვამს მათ სრულ უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნებისმიერი არჩევანის მიმართ.

ასევე, ღრმად შეშფოთებული ვართ იმ ზეწოლით, რომელიც განხორციელდა ეუთო-ს მისიაზე გარკვეული უცხოური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან საბოლოო ანგარიშის შინაარსზე გავლენის მოხდენის მიზნით და ამ პოლიტიკოსების ჩარევით წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენ ხაზს ვუსვამთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას და მოვუწოდებთ ქართველი ამომრჩევლების თავისუფლად გამოხატული ნების ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და პატივისცემისკენ, ვთხოვთ ყველა მხარეს, პატივი სცენ გადაწყვეტილებას, მტკიცედ დაიცვან ქართველი ხალხის სუვერენული უფლებები. არცერთ საერთაშორისო სანდო ორგანიზაციას არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,941,846 ნახვა