საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში მონაწილეობს.
ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტზე და გერმანელი მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის სამომავლო ანგარიში შეაფასა, სადაც რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციებზე საუბრისას საქართველო არ იყო ნახსენები.
„მე ძალიან ყურადღებით ვუსმენდი მომხსენებელს და სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული და შეშფოთებული ვარ, რადგან რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციაზე საუბრისას საქართველო არ იყო ნახსენები, ხოლო საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მომხსენებელმა არ ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე. მოვუწოდებ მომხსენებელს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაამატოს ანგარიშში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კომიტეტის სხდომის დასასრულს ანგარიშის მომხსენებელმა ნიკოლოზ სამხარაძის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხი აუცილებლად დაემატება ანგარიშში.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს და გამოწვევას კვლავაც რუსული ოკუპაცია წარმოადგენს და მოუწოდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას და მის წევრ ქვეყნებს, დაგმონ გასულ შაბათს აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.
„მინდა, გაცნობოთ, რომ გასულ შაბათს ჩატარდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. მოვუწოდებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას და მის წევრ სახელმწიფოებს, რომ დაგმონ ეს უკანონო არჩევნები“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.