უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი ქვეყნის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჩამოაცილეს და ამავდროულად, ვრცელდება ჭორი, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კიევში ახალი არჩევნების ჩატარება სურს. სტატიას ამ შინაარსით ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ზელენსკის ავტორიტეტის შესუსტების პირველი ნიშნები აშშ-ის სათავეში დონალდ ტრამპის მოსვლამდე გაჩნდა. გასული წლის სექტემბერში, როცა ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, მას სულ უფრო და უფრო უჭირდა გავლენიან ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრა, რომლებიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ მას ტაშით ეგებებოდნენ.
მაგრამ მიმდინარე კვირას სამხედრო დროის ლიდერის სრული მარგინალიზაცია მოხდა. სანამ უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში მუსტაფა კემალ ათათურქის აკლდამის მონახულებით იყო დაკავებული, ერ-რიადში მისი ქვეყნის მომავალი წყდებოდა. აშშ-ის დელეგაცია პირველად მართავდა შეხვედრას რუს კოლეგებთან, რათა ომიდან გამოსავალი მოძებნა.
გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკი არც პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტზე მიიწვიეს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპელი კოლეგები ტრამპის გეგმის საპასუხოდ დაპატიჟა.
როგორც The Telegraph-ი წერს, ზელენსკი თურქეთიდან საუდის არაბეთში აპირებდა ჩასვლას, თუმცა მოგვიანებით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის იქ არ ჩავა. სავარაუდოდ, ეს იმით იყო განპირობებული, რომ ზელენსკი ერ-რიადში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ცოტა ინფორმაციას იღებდა და ის არ იყო დარწმუნებული, რომ მისი ჩასვლის შემდეგ მას ამერიკის ან რუსეთის დელეგაციის წევრები დახვდებოდნენ.