ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დარჩება ისტორიას და იქნება ასახული ის სისასტიკე, დანაშაულებრივი ქმედებები, რაც ჩაიდნეს სააკაშვილის რეჟიმის მაღალი თანამდებობების მქონე პირებმა, – განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა პაატა სალიამ.
„საუბარი ეხება საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვლევას, მათ შორის, ომში ჩვენი მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას, მათ მოქმედებას, მათ გადაწყვეტილებებს და ა.შ. თუ ეს საქილიკო და დასაცინია მაშინ გიგი უგულავას სინდისზე იყოს. ჩვენი ამოცანაა დავადგინოთ სიმართლე. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დარჩება ისტორიას და იქნება ასახული ის სისასტიკე, დანაშაულებრივი ქმედებები, რაც ჩაიდნეს სააკაშვილის რეჟიმის მაღალი თანამდებობების მქონე პირებმა“,- აღნიშნა სალიამ.
ცნობისთვის, პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასახელებული პირები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს წარმოადგენდნენ და რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები 2004 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ერთმანეთის მიყოლებით სოციალურ ქსელში განცხადებებს აქვეყნებენ და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებენ. მათ შორის არის ზურაბ ჭიაბერაშვილიც, რომელმაც ხელი მოაწერა ოქმს, რომლის მიხედვითაც ორ დიდ ოლქში არჩევნების შედეგები გაუქმდა. ჭიაბერაშვილი წერს, რომ ის არ აპირებს საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას.
პარლამენტის საგამოძოებო კომისია 2003-2012 წლებში „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.