სოზარ სუბარი: კონკრეტულმა ადამიანებმა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ისეთი წამება გამოიარეს, თითოეული მათგანი რომ მოვიწვიოთ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და ეს მოვაყოლოთ, უბრალოდ, მოსმენა იქნება შეუძლებელი
„თქვენ ისაუბრეთ, მეც შეკითხვები მაქვს. სისტემა რომ დავახასიათოთ, მივიღებთ იმას, რომ უსიტყვოდ ხდებოდა პოლიტიკის გატარება მცდარად წარმოდგენილი სახელმწიფო ინტერესის გამო და ეს ერთგვარად ქცევის წესად ჩამოყალიბდა“, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ირაკლი ნადარეიშვილს, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
სოზარ სუბარის თქმით, კონკრეტულმა ადამიანებმა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ისეთი წამება გამოიარეს, თითოეული მათგანი რომ მივიდეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და ეს მოყვეს, უბრალოდ, მოსმენა იქნება შეუძლებელი.
„ძალიან საინტერესო მოხსენება იყო, უზარმაზარი სამუშაოა გაწეული, ზღვა მასალა დამუშავებული, მაგრამ ამ სტატისტიკის და მშრალი მასალების მიღმა, ყველანი კარგად ვხვდებით რამდენი ადამიანის ტრაგედია დგას: წართმეული სიცოცხლე, ნაწამები ადამიანები, წართმეული ჯანმრთელობა, წართმეული ქონება, განადგურებული ადამიანები, რომელთაც მთელი ცხოვრების მანძილზე ნაწვალები, ერთი ხელის მოწერით ჩამოართვეს.
თქვენ ისაუბრეთ, მეც შეკითხვები მაქვს, მაგრამ სისტემა რომ დავახასიათოთ, მივიღებთ იმას, რომ უსიტყვოდ ხდებოდა პოლიტიკის გატარება მცდარად წარმოდგენილი სახელმწიფო ინტერესის გამო და ეს ერთგვარად ქცევის წესად ჩამოყალიბდა.
„ ამ სისტემას რამდენიმე ხერხემალი ჰყავდა, მაგალითად ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი – ხერხემალიც მათი მოგონილი სიტყვაა. სააკაშვილი რომ ვახსენე, ეს არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, 7 ნოემბერს არაფერი გამიგია, მეძინა იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდაო. არადა, იქ იყო გამოყვანილი ჯარი, თავდაცვის სამინისტროს ნაწილები შსს-ს ნაწილებთან ერთად, იყო გამოყვანილი სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, რომელსაც ვერავინ გამოიყვანდა პრეზიდენტის გარდა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ის უბრალოდ იტყუებოდა და სხვისთვის უნდოდა მომხდარის გადაბრალება. ამ ყველაფრის შემქმნელს აქვს ერთი სახელი და გვარი.
ეს ზოგადად რაც მინდოდა მეთქვა. ახლა რამდენიმე კონკრეტული საკითხიც მაქვს. პირველი არ ეხება კონკრეტულად თქვენი დეპარტამენტის თემას, მაგრამ ახსენეთ, რომ მოდიხართ ყველა იმ სამუშაოს ანგარიშით, რაც გაკეთდა ამ წლების განმავლობაში. ერთი ასეთი კონკრეტული საკითხიც მაქვს – 2006-09 წლებში უკრაინიდან სახელმწიფო საწარმო „უკრსპეცექსპორტის“ ხაზით შემოტანილია დიდი რაოდენობით შეიარაღება, რომელიც არ იყო კონდიციური, ანუ იყო უვარგისი, ხშირ შემთხვევაში ჩამოწერილი ტექნიკა, რომელშიც გადახდილია უფრო ძვირი, ვიდრე ახალი ეღირებოდა. რამდენადაც ვიცი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და ძალიან მაინტერესებს რა ეტაპზეა გამოძიება, მით უმეტეს, ეს არის თემა, რომელზეც თავის დროზე, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა მასალები და ჟურნალისტური გამოძიებები. საერთაშორისო თაღლითობაზე იყო ლაპარაკი და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის, საქართველოს მართლმსაჯულების მიერ რამდენიმე საქმეზე უკვე მსჯავრდადებული და ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, და ცხადია, ამაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ის მარტო ვერაფერს იზამდა, რომ არ ჰყოლოდა მფარველი მაშინდელი პრეზიდენტის სახით. ძალიან მაინტერესებს ეს საქმე გამოძიების რა ეტაპზეა, შეიძლება დღეს არ გქონდეთ პასუხი, თუმცა, პროკურატურიდან ამაზე მასალები დაგვაინტერესებს. ვფიქრობ, რომ ჩვენმა კომისიამ ამაზე ბევრი უნდა იმუშაოს.
ერთი კონკრეტული თემაც მაინტერესებს, თქვენ საუბრობდით წამების საქმეზე, „ზილების“ რევოლუციად წოდებული საქმე, რომლის საქმეზე დაკავებული იქნა არაერთი ადამიანი აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებით. ზოგიერთი მათგანი ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოვიდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსით და თითოეული მათგანი იყო უსასტიკესად ნაწამები. ესენი არიან ჩემი თანამებრძოლები, თანაპარტიელები, ჩემი მეგობრები და კარგად ვიცი მათი საქმეები. ამ ადამიანებმა ისეთი წამება გამოიარეს, ჩვენ თითქოს შეჩვეული ვართ ამ სიტყვას, მაგრამ თითოეული მათგანი რომ მოვიწვიოთ კომისიის სხდომაზე და მოვაყოლოთ, უბრალოდ მოსმენა იქნება შეუძლებელი. თუმცა, დამიკავშირდნენ ეს ადამიანები და თქვეს, რომ მზად არიან მოვიდნენ და მოგვცენ ჩვენებები კომისიის ფარგლებში და ესეც არის ისეთი საქმე, რომლის გამოძიებაც არის მნიშვნელოვანი. არ ვიცი ეს საქმე რამდენად შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი იყოს, მაგრამ მე ღალატის მეტს ვერაფერს დავარქმევ, როდესაც ოკუპაცია ხდება საქართველოს გარკვეული ტერიტორიების და იმ ტერიტორიების ერთეულების ხელმძღვანელები, მაშინდელი გუბერნატორები (გოროზია სამეგრელო – ზემო სვანეთში და ვარძელაშვილი შიდა ქართლში) პირდაპირ ეთერში, როგორც მძღოლები, ემსახურებიან რუს გენერლებს. ოკუპანტ გენერალს ეუბნებიან, მობრძანდით ბატონო გენერალო, დაბრძანდით და თვითონ საჭესთან სხედან და დაატარებენ აქეთ-იქით. როცა 2008 წლის ომის თემაზე მივალთ, მე მგონი, ასეთი ფაქტების განხილვა არ არის უმნიშვნელო იმ დამოკიდებულების გამოსარკვევად, რაც ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას ოკუპანტთან და ოკუპაციასთან“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.