დიდი იმედი მაქვს და ჩვენ, ყველას ამ კომისიაში, რომ ჩვენი დასკვნა გამოყენებული იქნება ასევე კანონით დადგენილ ფარგლებში იმისთვის, რათა ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს, მოისვენოს, დამშვიდდეს. აღარასდროს დაბრუნდნენ ისინი, ვინც დღესაც ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობენ, – განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, კომისიის წევრებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული.
„ჩვენ შეგვიძლია, რომ დღევანდელი, 17 თებერვლის სხდომა დახურულად გამოვაცხადოთ. ასევე, გამოვაცხადოთ ისიც, რომ 21 თებერვალს, პარასკევს, ჩატარდება 10:00 საათზე მომდევნო სხდომა ჩვენი კომისიისა. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარასკევის სხდომაზე მოსაწვევს პირთა შორის იქნებიან, უკვე დღეიდან ისინი მიიღებენ ოფიციალურ შეტყობინებებს, ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ქალბატონი ნათია მოგელაძე და ბატონი ლევან გაჩეჩილაძე. რა თქმა უნდა, წამყვანი თემა პარასკევის სხდომისა იქნება 2003-2012 წლებში გამართული სხვადასხვა დონის არჩევნები, მაგრამ მოცემულმა პირებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ მათთან გასაუბრება არ იქნება მხოლოდ არჩევნებით შემოსაზღვრული. ყველა ის საკითხი, რომლის შესახებაც ჩვენ გვექნება ინფორმაცია, რომ მოცემული პირები ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ ან იყვნენ ჩართული სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა თუ მოწესრიგებაში, გვექნება უფლება, რომ არჩევნების მიღმაც დავუსვათ არაერთი კითხვა.
მინდა, ეს პირები უკვე მეორედ დღეს საჯაროდ გავაფრთხილო, ჩვენი კომისია არ გახლავთ რაღაც მორიგი ფორმატი, სადაც მხოლოდ საუბრისთვის იკრიბებიან ადამიანები. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაკისრებული და მე არ მეგულება ჩემი ჩათვლით კომისიის არცერთი წევრი, რომელიც ამხელა პასუხისმგებლობით იყოს ბოლომდე ბედნიერი იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის პასუხისმგებლობას სერიოზულად ვუყურებთ. ვწუხვართ, რომ ამხელა გამოწვევა გვაქვს, ასე ვთქვათ, მხრებზე, მაგრამ გპირდებით, რომ ამ გამოწვევას თითოეული ჩვენგან ღირსეულად უპასუხებს. ჩვენ, ჩვენს მომავალ თაობებს, მათთვის ვაკეთებთ ამას, დაუტოვებდი დოკუმენტს, სადაც რეჟიმიც იქნება დახასიათებული ფაქტებზე დაყრდნობით და არა იმის მიხედვით ვინ ვის მოგვწონს და ასევე ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობაც იქნება იმგვარად დახასიათებული, რომ მომავალ თაობებს შეეძლოთ შეიქმნან ობიექტური წარმოდგენა ფაქტებზე დაყრდნობით თუ ვინ და როგორ მართავდა ჩვენს სახელმწიფოს 2003-2012 წლებში.
ასევე, მე დიდი იმედი მაქვს და ჩვენ ყველას ამ კომისიაში, რომ ჩვენი დასკვნა გამოყენებული იქნება ასევე კანონით დადგენილ ფარგლებში იმისთვის, რათა ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს, მოისვენოს, დამშვიდდეს. აღარასდროს დაბრუნდნენ ისინი, ვინც დღესაც ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობენ და ახალი და მომავალი თაობების ისეთ საქმიანობებში ჩართვას, რომელიც მათი ხელწერა იყო სწორედ იმ პერიოდში, რომელსაც ჩვენს ვსწავლობთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.