უზარმაზარი სამუშაოა გაწეული, ზღვა ინფორმაცია დამუშავებული, მაგრამ ამ სტატისტიკის მიღმა, აქ რომ ასე მშრალად არის მოწოდებული, ყველანი კარგად ვხვდებით, რამდენი ადამიანის ტრაგედია დგას – რამდენი წართმეული სიცოცხლე, რამდენი ნაწამები ადამიანი და წართმეული ჯანმრთელობა, წართმეული ქონება და განადგურებული ადამიანები, რომლებსაც, მთელი ცხოვრება რაც უწვალიათ, უცებ, ერთი ხელის მოწერით იქნა წართმეული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დანაშაულების სტატისტიკაზე კომენტირებისას განაცხადა.
სოზარ სუბარმა გაიხსენა წინა ხელისუფლების დროს დაკავებული 65 წლის ქალის ისტორია, რომელსაც 2700 ლარის ღირებულების თაღლითობას ედავებოდნენ და მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17 500 ლარის ჯარიმა და მიყენებული 2700 ლარიანი ზიანის ანაზღაურება. მისი განცხადებით, ამგვარი მიდგომის მიზანი იყო შიშის ჩანერგვა, ხოლო ამგვარი სისტემის შემქმნელი იყო ერთი ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი.
„გარკვეული პერიოდი მიკვირდა, ის სისასტიკე რატომ ხდებოდა. ერთ მაგალითს მოვიყვან, 65 წლის ქალბატონი აღმოვაჩინე ციხეში, მე-12 დაწესებულება იყო მგონი მაშინ, სადაც ქალბატონები იყვნენ, რომელსაც თაღლითობა ჰქონდა ჩადენილი, რამდენიმე ეპიზოდი. სულ ლაპარაკია 2700 ლარის ღირებულების ზარალზე, რაც მიადგა დაზარალებულებს და თუ არ ჩავთვლით ორ კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც ფულზე იყო, დანარჩენი იყო მართლა ერთი ტომარა ფქვილი რომ ისესხა და ვეღარ ან აღარ ჩაასესხა, თაღლითობაში ჩაუთვალეს ყოველ შემთხვევაში. 25 წელი ციხე, 17 500 ლარი ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ და ეს 2700 ლარი ზიანის ანაზღაურება დაზარალებულებისთვის – არანაირი პოლიტიკური ინტერესი ამ ქალის მიმართ არ არსებობდა, რატომ უნდა ჰქონოდა ასეთი პოლიტიკა სახელმწიფოს, ვფიქრობდი, ან ის გაიდლაინები რა იყო, რომლის მიხედვითაც არც მოსამართლეს ჰქონდა რაიმე თავისუფლება, არც პროკურორს – პირდაპირ უნდა მიესაჯათ. ჩემი ახსნა არის შემდეგი: შიში უნდა ყოფილიყო, რომ ვისაც სახელმწიფოსთან შეხება ექნებოდა, ვისაც სამართალდამცავთან შეხება ექნებოდა, ან უნდა დაეთმო, რასაც ეტყოდნენ, ან იცოდა, რომ მას მომავალი არ ჰქონდა. ეს შიში მუშაობდა შემდეგ. ვიღაც ბიზნესმენს რომ მიადგებოდნენ და ეტყოდნენ, შენ 3 მილიონი ლარი უნდა გადაიხადო რაღაც კონკრეტულში, ის თუ დაიწყებდა, რომ ამდენის საშუალება არ მაქვს და იქნებ 2.5 მილიონზე შევთანხმდეთ, მეორე დღეს მას აღარ ელაპარაკებოდნენ იმ 3 მილიონზე, ეტყოდნენ, რომ ან 6 მილიონი გაქვს გადასახდელი, ან მიდიხარ ციხეში – რომ მოლაპარაკება არ გაებედა არავის.
ეს არის სისტემა და ამ სისტემის შემქმნელი არის ერთი ადამიანი, მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. ამ სისტემას რამდენიმე ხერხემალი ჰყავდა, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვინც წარმოადგენდნენ ამ ყველაფერს. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ 7 ნოემბერს არაფერი გამიგია, მეძინა იმ დროს, როდესაც ეს ამბავი მოხდაო. იქ იყო გამოყვანილი ჯარი, თავდაცვის სამინისტროს ნაწილები, შს სამინისტროს ნაწილებთან ერთად, იქ იყო გამოყვანილი სასჯელაღსრულების სპეცრაზმი – ვერავინ გამოიყვანდა ამას პრეზიდენტის გარდა. თავი რომ დავანებოთ, რომ უბრალოდ იტყუებოდა და სხვისთვის გადაბრალება უნდოდა. ამიტომაც, ამ ყველაფერს ჰყავს ერთი სახელი და გვარი, რომელიც ამ ყველაფრის შემქმნელი იყო.“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.