პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. 2003-12 წლებში კანონდარღვევებზე წარმოებული საერთაშორისო დავებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ დეპუტატების კითხვებს იუსტიციის სამინისტრო პასუხობს.
ასევე, სხდომაზე მიწვეულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელიც 2003-2012 წლებში გამართული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრებს.
გარდა ამისა, დაგეგმილია გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მოსმენა 2003-2012 წლებში მართლმსაჯულების სისტემაში დაშვებული ხარვეზების თაობაზე ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმეების შესახებ. აგრეთვე, დაგეგმილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მოსმენაც, რომელიც 2003-2012 წლების პერიოდში მომხდარ კანონდარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
მმართველი გუნდის განმარტებით, აღნიშნული არა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ანგარიშსწორება, არამედ საჭიროებაა, რომელმაც ქვეყანას მშვიდობა უნდა შეუნარჩუნოს და ნათელი მოფინოს სისხლიან 9-წლიან მმართველობას.
შეგახსენებთ, საგამოძიებო კომისიაში 8 წევრია და ისინი ექვსი თვე თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით იმუშავებენ, რათა სამართლებრივი რეაგირებისთვის პროკურატურას შესაბამისი დასკვნით მიმართონ.