მე მაქვს ერთადერთი კითხვა, ვინ ხელმძღვანელობდა ცესკოს 2004 წლის 28 მარტს, – განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე ცესკოს წარმომადგენლის მოსმენის შემდეგ.
თეა წულუკიანის თქმით, არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა 2008 წლის 8 ოქტომბერს და მას ჰქვია „ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს წინააღმდეგ.
„დიდი მადლობა ბატონო გიორგი. მე მაქვს სამი შეკითხვა, რომელიც სამ სხვადასხვა არჩევნებს ეხება. პირველი კითხვა ეხება 2004 წლის 28 მარტის არჩევნებს. ეს არის განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან დაკავშირებით თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა 2008 წლის რვა ოქტომბერს და მას ჰქვია „ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ის საჩივარი, სადაც „ლეიბორისტულმა პარტიამ“ უჩივლა სახელმწიფოს და დაადანაშაულა სახელმწიფო მაშინ იმაში, რომ 28 მარტის არჩევნების შედეგები ისე შეაჯამა ცესკომ 18 აპრილის სხდომაზე, 2004 წლის, რომ არ იყო ჩატარებული არჩევნები ორ საკმაოდ მოზრდილ ოლქში. ეს არის – ხულო და ქობულეთი.
ამით 60 ათასი ამომრჩეველი იქნა გარიცხული, გამორიცხული თუ გარიყული საარჩევნო პროცესიდან და მათ რეალურად წაერთვათ უფლება არჩევნებში მონაწილეობის, რაც არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უმნიშვნელოვანესი უფლება. მიზეზი და მე ვხელმძღვანელობ ამ შემთხვევაში იმ უტყუარი დოკუმენტით, რომელიც არის კანონიერ ძალაში შესული და როგორც უკვე მოგახსენეთ, 8 ოქტომბერს 2008 წლის, ძალაშია შესული. ამიტომ, ამ დოკუმენტში რა ფაქტებიც არის მოყვანილი, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ფაქტები არის უტყუარი. ამიტომაც ვსაუბრობ ასე თამამად და ვყვები ამას. შემდეგ კითხვასაც მოგახსენებთ. ოცდამეცხრე აბზაცში ამ გადაწყვეტილებისა სტრასბურგის, წერია ასეთი რამ, რომ 18 აპრილის ცესკოს სხდომაზე, მაშინ 15 წევრისგან შედგებოდა ცესკოს შემადგენლობა, ერთმა წევრმა, ეს გახლდათ „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი, განაცხადა, რომ ის იყო წინააღმდეგი ისე შეჯამებულიყო საყოველთაო არჩევნების შედეგები, რომ ორ ოლქში არჩევნები არ იყო ჩატარებული. ამაზე ცესკოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ იქ, ხულოსა და ქობულეთში არჩევნები ვერ ჩატარდა, ეს ჩვენი კი არა, აჭარის ხელისუფლების ბრალიაო, ციტირებას ვახდენ და პრინციპში, რომც ჩატარებულიყო იქ არჩევნები, ეს შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდაო. რასაკვირველია, კითხვა თუ რატომ ფიქრობდა ის ამას ასე, თქვენ არ მოგემართებათ. მითუმეტეს, ამდენი წლის შემდეგ. მაინც შეაჯამა არჩევნები ცესკომ ხელმძღვანელის ინიციატივით და სწორედ ამის გამო, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა დარღვევა. შევახსენებ ყველას, ის საპარლამენტო არჩევნებია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებაში, აი, ასეთი არჩევნებით მოვიდა, ეს წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, სადაც 60 000 ადამიანს წაართვეს ხმის უფლება. რატომ არის ეს, გარდა იმისა, რომ კონსტიტუციის და კონვენციური უფლებების დარღვევაა, მნიშვნელოვანი. „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ასე შეჯამებულ არჩევნებში 6,01 პროცენტი მიიღო, მაშინ, როდესაც, როგორც თქვენვე დაადასტურეთ და ასე იყო ნამდვილად 7 პროცენტი იყო ბარიერი. შესაბამისად, ის ამტკიცებდა, რომ ხულოსა და ქობულეთში რომ ჩატარებულიყო არჩევნებიო, შესაძლოა მე ეს ბარიერი გადამელახა და მოვხვედრილიყავი პარლამენტშიო. სწორედ ეს იყო მისი, ასე ვთქვათ, ინტერესი რის გამოც სტრასბურგში დავობდა და როგორც უკვე მოგახსენეთ, მან ეს დავა მოიგო. მე მაქვს ერთადერთი კითხვა, ვინ ხელმძღვანელობდა ცესკოს 2004 წლის 28 მარტს. ეს გვჭირდება ჩვენ აუცილებლად, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოში ასეთი პრაქტიკა იყო და ახლაც გრძელდება, რასაც ვაკვირდები, რომ გვარებსა და სახელებს მაღალჩინოსნების, თავიდან არ წერდნენ. რა თქმა უნდა, საქმის მასალებში ეს ჩანდა და შემდეგ შემოვიდა ასე პრაქტიკა, რომ წერდნენ, მაგრამ მხოლოდ ინიციალებით და ეს ის დროა, როდესაც არც ინიციალები იწერებოდა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ ოფიციალურად, 2004 წლის 28 მარტს, უბრალოდ, გვარი და სახელი, ვინ ხელმძღვანელობდა ცესკოს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.