გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის არჩევნებში უცხოური ჩარევა გააკრიტიკა. ამის შესახებ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თავის გამოსვლაში შოლცმა განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ ეწინააღმდეგება მათ, ვინც „განადიდებს ან ამართლებს დანაშაულებრივ ნაციონალ-სოციალიზმს“.
„ნაციონალ-სოციალიზმი საშინელი დანაშაულია. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, როგორიც იყო დაჰაუს ბანაკში ჩადენილი დანაშაულებები, გერმანულ ისტორიაში ბანალურად იყო წარმოჩენილი, როგორც უბრალოდ ჩიტის ექსკრემენტის ლაქა“, – განაცხადა კანცლერმა.
როგორც შოლცმა აღნიშნა, აღებული ვალდებულება, რომ ეს „არასდროს აღარ განმეორდება“ არ შეიძლება, იყოს თავსებადი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერასთან.
„ამ მიზეზით ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ადამიანები, რომლებიც გერმანიას გარედან უყურებენ, ერევიან ჩვენს დემოკრატიაში ჩვენს არჩევნებზე და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების დემოკრატიულ პროცესში ამ პარტიის ინტერესებისთვის“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი დემოკრატია გერმანიასა და ევროპაში ეფუძნება ისტორიულ ცნობიერებას და იმის გაგებას, რომ დემოკრატიები შეიძლება დაანგრიონ რადიკალმა ანტიდემოკრატებმა.
„სწორედ ამიტომ შევქმენით ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ჩვენს დემოკრატიებს შეუძლიათ თავი დაიცვან მტრებისგან, და წესები, რომლებიც არ ზღუდავს და არ ლახავს ჩვენს თავისუფლებას, არამედ იცავს მას“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
აღსანიშნავია, რომ იანვრის დასაწყისში ამერიკელმა მილიარდერმა და სოციალური ქსელ იქსის მფლობელმა ილონ მასკმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ.
როგორც ცნობილია, მიუნხენში 14 თებერვალს გამოსვლისას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ევროკავშირი მკვეთრად გააკრიტიკა პროპაგანდასთან ბრძოლის მიდგომის გამო და განაცხადა, რომ ევროპა ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.