ვშიშობ, რომ ბრიტანეთსა და მთელ ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკუსვლას განიცდის, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
ჯეი დი ვენსმა ეს განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
„ცივი ომი წარმოადგენდა დაპირისპირებას დემოკრატიის დამცველებსა და ამ კონტინენტზე უფრო მეტად ტირანიულ ძალებს შორის, რომლებიც ცენზურას უწესებდნენ დისიდენტებს, ხურავდნენ ეკლესიებს, აუქმებდნენ არჩევნებს. იყვნენ ისინი კარგი ადამიანები? ცხადია, არა და მადლობა ღმერთს, ისინი დამარცხდნენ „ცივ ომში“. ისინი დამარცხდნენ, რადგან არ აფასებდნენ და არ სცემდნენ პატივს თავისუფლების სიკეთეებს – გაკვირვების, შეცდომების დაშვების, გამოგონების, შენების თავისუფლებას. როგორც აღმოჩნდა, შეუძლებელია, დაავალო ინოვაცია ან კრეატიულობა, ისევე როგორც, არ შეგიძლია, აიძულო ადამიანებს, რა იფიქრონ, რა იგრძნონ ან რისი სჯეროდეთ. გვჯერა, რომ ეს რაღაცები არის ურთიერთდაკავშირებული. სამწუხაროდ, როდესაც დღეს ევროპას ვუყურებ, ზოგჯერ არ არის ცხადი, რა დაემართა „ცივი ომის“ ზოგიერთ გამარჯვებულს. მე ვუყურებ ბრიუსელს, სადაც ევროკომისრები აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ ისინი აპირებენ სოციალური მედიის დახურვას სამოქალაქო არეულობის დროს, იმ მომენტში, როდესაც ისინი შენიშნავენ – ვციტირებ, „სიძულვილის შემცველ კონტენტს“, ან ქვეყანას, სადაც პოლიციას შეუძლია, რეიდები ჩაატაროს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ინტერნეტში ანტიფემინისტური კომენტარების გამოქვეყნებაში – ვციტირებ, „ინტერნეტში მიზოგინიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში“. მე ვუყურებდი შვედეთს, სადაც ორი კვირის წინ მთავრობამ გაასამართლა ქრისტიანი აქტივისტი ყურანის დაწვაში მონაწილეობისთვის, რასაც შედეგად მოჰყვა მისი მეგობრის მკვლელობა. მისი საქმის მოსამართლემ გულგრილად აღნიშნა, რომ შვედეთის კანონები, რომლებიც თითქოსდა იცავენ გამოხატვის თავისუფლებას, სინამდვილეში, ვციტირებ: „არ ანიჭებენ თავისუფლებას, გააკეთო ან თქვა რამე გარკვეული რწმენის ჯგუფის შეურაცხყოფის რისკის გარეშე“.
ალბათ, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ვუყურებ ჩვენს ძალიან ძვირფას მეგობარს, გაერთიანებულ სამეფოს, სადაც დაახლოებით ორი წლის წინ ბრიტანეთის მთავრობამ ბრალი წაუყენა 51 წლის ფიზიოთერაპევტსა და არმიის ვეტერანს, ადამ სმით კონორს საშინელ დანაშაულში, რაც მდგომარეობდა აბორტების კლინიკიდან 50 მეტრში დგომასა და სამი წუთის განმავლობაში ჩუმად ლოცვაში, ვინმესთვის ხელის შეშლის ან შეფერხების გარეშე. როდესაც ბრიტანელმა სამართალდამცველებმა შენიშნეს ის და ჰკითხეს, რისთვის ლოცულობდა, ადამმა მარტივად უპასუხა, რომ ლოცულობდა თავისი არდაბადებული შვილისთვის. ადამი დამნაშავედ ცნეს მთავრობის ახალი კანონის „ბუფერულ ზონების შესახებ“ დარღვევაში, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარებს აბორტების დაწესებულებიდან 200 მეტრის რადიუსში ჩუმად ლოცვასა და სხვა იმგვარ ქმედებებს, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს ადამიანის გადაწყვეტილებაზე. მას შეუფარდეს ათასობით ფუნტის გადახდა. ვისურვებდი, რომ ეს ყოფილიყო შეცდომა, ცუდად დაწერილი გიჟური კანონის ერთ-ერთი მაგალითი, თუმცა – არა. გასულ ოქტომბერს შოტლანდიის მთავრობამ მოქალაქეებისთვის წერილების დაგზავნა დაიწყო, რომელთა სახლები მდებარეობს ე.წ. წვდომის ზონებში და გააფრთხილა ისინი, რომ სახლებში ლოცვის შემთხვევაც კი შესაძლოა, ამ კანონის დარღვევად ჩაითვალოს. ვშიშობ, რომ ბრიტანეთსა და მთელ ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკუსვლას განიცდის“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.