, „ჯაშუშური ქსელის“ ცნობილი ხელწერაა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა, ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიციის მიერ „ოფშორების კანონთან“ მიმართებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება, რომლის მიხედვით, თითქოს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამ კანონით სარგებლობით, საქართველოს ბიუჯეტს თანხა დააკლო და სანქციებს თავი აარიდა.
დუნდუას განცხადებით, სამართლიანი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპია, რომ ნებისმიერი კანონი, მათ შორის, „ოფშორების კანონი“, მიღებულია იმისთვის, რომ მოემსახუროს საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს კეთილდღეობას.
როგორც ის აღნიშნავს, ამ თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სრულად ჯდება მსოფლიოსთვის თავსმოხვეულ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ფაბულაში და ამ თემის გააქტიურებაში ჩართული პირები, „დიფ სთეითის“ დავალებებს ასრულებენ.
„სამართლიანი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი შემდეგია – ნებისმიერი კანონი, მათ შორის ეს კონკრეტული „ოფშორების კანონი“ მიღებულია იმისთვის, რომ ის მოემსახუროს საქართველოს მოქალაქის და ქვეყნის კეთილდღეობას, ხოლო ამ გარემოების საპირისპიროდ წარმოჩინება, თითქოს სამართლებრივად გამართული კანონით სარგებლობა არის რაიმე სახის უკანონობა, „ჯაშუშური ქსელის“ ცნობილი ხელწერაა. სხვათა შორის, ატეხილი აჟიოტაჟი სრულად ჯდება ბოლო პერიოდში, მსოფლიოსთვის თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარ ფაბულაში, სადაც სიმართლე არის სიცრუე, კანონიერება არის უკანონობა, შენება არის ნგრევა და სიკეთე არის ბოროტება. ამ მხრივ, ხელის გულზე დევს, რომ ცრუ აჟიოტაჟის შემქმნელები „დიფ სთეითის“ კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ. რაც შეეხება საკითხს, თუ როდის შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ხელოვნების ნიმუშები, ან შემოიტანა თუ არა ის საერთოდ. მოხდა ეს უკრაინაში ომის დაწყებამდე, დაწყების შემდეგ, გასულ იანვარში, თუ საერთოდ არ მომხდარა – თავი კულტურულ ადამიანად მიმაჩნია და ამ საკითხის გარკვევა პირველ რიგში საკუთარ თავს ვერ ვაკადრე. ცხადია, მე შემეძლო ამ ამბის მოკითხვა და გარკვევა, მათ შორის საერთო ადამიანების საშუალებით, მაგრამ დიდ უკულტურობად მიმაჩნია ჩავერიო სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში და მის საქმიანობაში. ეს არც ჩემი და არც არავის საქმე არ არის.“ – წერს მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში.