პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რომ “რუსების დაშოშმინებას არასდროს გაუმართლებია – ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება უბრალოდ არ იმუშავებს, ნებისმიერი გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები”.
დეპუტატი კაია კალასს მიმართავს, რომ დაანებოს საქართველოს სუვერენიტეტის ნგრევას თავი და ევროპის სუვერენიტეტს მიხედოს.
“ძვირფასო” კაია, ხომ ხედავ ევროკავშირის ბიუროკრატიის უაზრო მორჩილებამ “დიფ სთეითისადმი” სადამდე მიგიყვანათ. ამერიკა აღარც კი აღგიქვამთ პარტნიორად უკრაინის საკითხში. ევროკავშირის ზურგს უკან კი არ მოქმედებენ, უთქვენოდ მოქმედებენ. მტრის ვასალებს ასე ექცევიან. თან თქვენ რა ისეთი ფიგურა ხართ, ვინმემ რამე შეგითანხმოთ? ჰოდა, დაანებეთ ჩვენი სუვერენიტეტის ნგრევას თავი და ევროპის სუვერენიტეტს მიხედეთ!”- წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.