„ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ არ არის! ყიდიან საქართველოს! ვინც უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუციას, ყველა არის საქართველოს მოღალატე! ქვეყნის ღალატის უფლება არავის აქვს! ეს ყველამ გაიგოს! მათ ნებართვა უნდა აეღოთ ჩემგან. მე მივცემდი მაგ ნებართვას, მაგრამ ეს თავხედობა ვერ ავიტანე, რომ რეგლამენტი დაარღვიეს… ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო. რა წაიღო?! უამრავი რაღაცა… თუნდაც ის აგენტები დააფინანსა, რომლებიც დღეს საქართველოს ებრძვიან,“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ საკრებულოში მისული მოქალაქეების თაობაზე, რომლებიც მათი თქმით, სხდომათა დარბაზში კითხვების დასასმელად მივიდნენ, თუმცა სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა და მოქალაქეებმა სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობა მოითხოვეს.
დავით რაზმაძემ მოქალაქეებს დაპირისპირებისას მოღალატეები უწოდა, მოგვიანებით კი მედიასთან განაცხადა, რომ ქვეყნის მოღალატეების ადგილი საკრებულოში არ არის.