გერმანიის მთავრობის სპიკერი მოუწოდებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ნუ ჩაერევა გერმანიის წინასაარჩევნო კამპანიაში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“არ მგონია, სწორი იყოს, როცა უცხოელები, მეგობარი ქვეყნების ჩათვლით, ასე ინტენსიურად ერეოდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში”, – ციტირებს სააგენტო გერმანიის მთავრობის სპიკერს.
Reuters-ის ცნობით, გაზეთმა The Wall Street Journal-მა ვენსთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მოუწოდებს გერმანელ პოლიტიკოსებს ითანამშრომლონ ყველა პარტიასთან, მათ შორის, ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელთანაც თანამშრომლობაზე ზოგიერთმა უარი განაცხადა.
“კარგი პრაქტიკაა, როცა ქვეყნის მოქალაქეები თავად წყვეტენ, თუ ვის მისცენ ხმა, რა არის მათი პრინციპები და არა როცა სხვებისგან ისმენენ რჩევებს”, – დასძინა გერმანიის მთავრობის სპიკერმა.
ვენსი არის მეორე ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელმაც გერმანიის პოლიტიკის შესახებ განცხადებები გააკეთა. მანამდე ქვეყნის კანცლერი ოლაფ შოლცი მილიარდერმა ილონ მასკმა გააკრიტიკა და პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერა აღუთქვა.