სირიის ყოფილი მეთაურის, ბაშარ ასადის შვილმა ხაფეზ ასადმა Telegram-ში ინგლისურ და არაბულ ენებზე პოსტი გამოაქვეყნა.
ხაფეზ ასადი წერს, რომ ის სირიაში საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ, 1 დეკემბერს ჩავიდა. მისივე თქმით, ქვეყნის დატოვების გეგმა ოჯახს არ ჰქონია და გამგზავრების არანაირი მზადება არ ყოფილა. თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც სახლში რუსეთის წარმომადგენელი ესტუმრათ.
„8 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ სახლში მოვიდა რუსეთის წარმომადგენელი. მან პრეზიდენტს შესთავაზა, რომ ოჯახთან ერთად გადასულიყო ლატაკიაში, სადაც რუსული ავიაბაზაა განთავსებული“,-წერს ასადის შვილი.
მისივე თქმით, ოჯახი დაუყოვნებლივ, ღამის სამ საათზე დამასკოს აეროპორტში მივიდა, საიდანაც ისინი რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ხმეიმიმის ავიაბაზაზე გადაიყვანა. დღისით ბაზის ხელმძღვანელობამ მათ მოახსენა, რომ სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო და ასადის ოჯახს მოსკოვში გადაიყვანდნენ.