პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – სხვადასხვა რჯულის „ნაცები“ ემუქრებოდნენ „ოცნების“ მხარდამჭერებს კონკრეტული სიმღერებით და თვითონ მიიღეს ის, რითაც იმუქრებოდნენ… ასე გაგრძელდება 

უცხოელ აგენტებს აქვთ მიღებული ახალი დავალება, რომ შექმნან ნეგატიური აღქმები ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ სტაბილურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წლევანდელი წელიც იქნება ძალიან წარმატებული ეკონომიკური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა თითქმის 10% და შარშანდელი წელიც დაიხურა 9.5%-ით, რაც არის ძალიან მაღალი მიღწევა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო პირველ ადგილზეა არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და გასაკვირი არ არის ის სუვერენული რეიტინგები, რომელიც ქვეყნდება.

„უცხოელ აგენტებს აქვთ მიღებული ახალი დავალება, უსმენდით ალბათ, რას ლაპარაკობს ხაზარაძე ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებზე, ნიკა გილაური – სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი რას ლაპარაკობს ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით, მათ აქვთ მიღებული ახალი დავალება, შექმნან ნეგატიური აღქმები ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ასეთი რაღაც ხდებოდა ამ წლების მანძილზე, თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენმა საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა თითქმის 10% და შარშანდელი წელიც დავხურეთ 9.5%-ით, რაც არის ძალიან მაღალი მიღწევა, პირველ ადგილზე ვართ არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. რა თქმა უნდა, ასეთი იქნება 2025 წელიც, თუმცა კეთდება აბსურდული განცხადებები ამ უცხოური აგენტების მხრიდან, ხაზარაძის, გილაურის და სხვების, რომლებიც ამბობენ, თითქოს ეკონომიკური ვარდნაც კი ემუქრება 2025 წელს ჩვენს ქვეყანას. ეს ყველაფერი თან ხდება რის ფონზე – ჩვენ გვქონდა არაერთი ვიზიტი და ყველა ვიზიტის ფარგლებში იყო საუბარი ინვესტიციებზე. ყველაზე მსხვილი ინვესტიცია უკავშირდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, EMAAR ჯგუფს, ექვსი მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ამ ერთი კომპანიის მხრიდან. ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები სხვა ქვეყნებში ინვესტიციებთან დაკავშირებით. მთლიანობაში, ჩვენ გადაჭარბებით შევასრულებთ იმ ოთხწლიან გეგმას, რომელიც წარვადგინეთ წინასაარჩევნოდ საზოგადოების წინაშე. ჩვენ გვქონდა ოთხ წელიწადში ცხრა მლრდ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა დაგეგმილი მთლიანობაში, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას სერიოზულად გადავაჭარბებთ. ამის გარანტიას იძლევა ის მიმდინარე პროექტები, რომლებიც უკვე არის დაანონსებული. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის ის სუვერენული რეიტინგები, რომელიც ქვეყნდება.

ჩვენ სტაბილურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წლევანდელი წელიც იქნება ძალიან წარმატებული ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ამ ფონზე თქვენ ხედავთ, რომ იგივე რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტები საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანას თითქოს ემუქრება ეკონომიკური ვარდნა, ამას ვერ ეღირსება რადიკალური ოპოზიცია, ისინი ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ შანსებს ასეთ პერსპექტივაში, თუმცა თავადაც იციან, რომ არავითარი ეკონომიკური ვარდნა არ გვექნება, პირიქით, გვექნება ძალიან სტაბილური ეკონომიკური განვითარება, შევინარჩუნებთ მყარად ლარის კურსს, იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, რაც სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას, იმას ვერ ეღირსებიან. ზოგადად ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია, სხვადასხვა რჯულის „ნაცები“ ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კონკრეტული სიმღერებით, სინამდვილეში თვითონ მიიღეს ის, რითიც ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და, რა თქმა უნდა, ეს ასე გაგრძელდება. არ შეიძლება, „ნაცებმა“ მიაღწიონ რაიმე წარმატებას რაიმე სფეროში“, – აღნიშნა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,935,874 ნახვა