პოლიტიკა

ეკა სეფაშვილმა პარლამენტში წარმოდგენილ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებს ეროვნულ ბანკში დანიშვნის შემთხვევაში მათი საქმიანობის პრიორიტეტებზე დაუსვა კითხვები

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი: ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე, ნინო ჯელაძე პარლამენტს დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წარუდგინა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს კანდიდატებს შეკითხვები დეპუტატებმა დაუსვეს. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნების და ამავდროულად ფისკალურ პოლიტიკის მონეტარულ პოლიტიკასთან კოორდინირების თემაზე დასვა კითხვა საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა.

კითხვის ადრესატი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი ოთარ შამუგია იყო.

„ნამდვილად შთამბეჭდავი ბიოგრაფია გაქვთ წარმოდგენილი და ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობის. ახლა თქვენ გადადიხართ იმ ინსტიტუციაში, რომელიც არის დამოუკიდებელი და განსაზღვრავს მონეტარულ პოლიტიკას. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მოხდეს თქვენი, როგორც საბჭოს წევრის საქმიანობის დროს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ამავდროულად ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაციის შენარჩუნება იმგვარად, რომ ამან ხელი შეუწყოს ქვეყანაში ზოგადად მაკროეკონომიკურ სტაბილურობას,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატს ოთარ შამუგიამ უპასუხა და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა და ასეც გააგრძელებს საქმიანობას.

ეკა სეფაშვილი დაინტერესდა ასევე იმით, თუ რამდენადაა შესაბამისობაში სებ-ს საქმიანობა საერთაშორისო რეგულაციებთან.

კითხვის ადრესატი ამჯერად სებ-ს საბჭოს წევრობის კანდიდატი ნინო ჯელაძე იყო.

„თქვენ აღნიშნეთ, რომ საქმიანობის განმავლობაში საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებას დაუთმობთ ყურადღებას. გაქვთ ასევე დიდი გამოცდილება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის და ოპერაციული რისკების დაზღვევის მიმართულებით. ამ კუთხით თუ გეგმავთ მუშაობის გაგრძელებას და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებას. თუ გეგმავთ საერთაშორისო და ევროპული რეგულაციების დანერგვას ამ მიმართულებით. თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ მხრივ ძალიან აქტიური იქნებით. ამ მიმართულებით რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ და რა ზომებს მიმართავთ იმისათვის, რომ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას სებ-მა სათანადო ყურადღება მიაქციოს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

რაც შეეხება კანდიდატის პასუხს, ნინო ჯელაძემ აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორში საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით თანხვედრაშია.

და ბოლოს, ეკა სეფაშვილი დაინტერესდა სებ-ის მიერ რეზერვების მართვის საკითხით.

„რამდენად შეესაბამება ჩვენი ეროვნული ბანკის რეზერვების მართვის პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებს და რამდენად უზრუნველყოფს ის ქვეყნის სტაბილურობას. როგორ ეხმარება ის ქვეყნის განვითარების მაჩვენებლების ასახვას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ სარეიტინგო კვლევებში,“ – ეს კითხვა ეკა სეფაშვილმა საბჭოს წევრობის კიდევ ერთ კანდიდატს ვახტანგ ბურკიაშვილს დაუსვა.

ამ უკანასკნელმა კი, პასუხად აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ ძირითადად შეიძინოს რეზერვები, თუმცა არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც ეროვნულ ბანკს ამ რეზერვების გამოყენება უწევს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,934,683 ნახვა