პოლიტიკა

თეთრი სახლი USAID-ის რამდენიმე პროექტის ხარჯებს აქვეყნებს

თეთრი სახლი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ სახსრების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების რამდენიმე მაგალითს აქვეყნებს, სათაურით – „USAID-ში სახსრების ფლანგვასა და ბოროტად გამოყენებას ღრმა ფესვები აქვს“.

როგორც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ათწლეულების განმავლობაში სააგენტო არ იყო ანგარიშვალდებული გადასახადების გადამხდელების წინაშე, რადგან ის დიდ თანხებს მიმართავდა „ფესვგადგმული ბიუროკრატების საყვარელ სასაცილო, ხშირ შემთხვევაში კი, მავნებლური პროექტებისთვის“, პრაქტიკულად ზედამხედველობის გარეშე.

თეთრი სახლის ჩამონათვალში შემდეგი მაგალითებია მოყვანილი:

1,5 მილიონი დოლარი „სერბეთის სამუშაო ადგილებსა და ბიზნესსაზოგადოებებში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის განვითარებისთვის“;

70 ათასი დოლარი ირლანდიაში მრავალფეროვნების, თანასწრობისა და ინკლუზიურობის (DEI) მიუზიკლის შექმნისთვის;

2,5 მილიონი დოლარი ვიეტნამისთვის ელექტრომანქანებისთვის;

47 ათასი დოლარი კოლუმბიაში „ტრანსგენდერული ოპერისთვის“;

32 ათასი დოლარი პერუში „ტრანსგენდერული კომიქსისთვის“;

2 მილიონი დოლარი გვატემალაში სქესის შეცვლისა და „ლგბტ აქტივიზმისთვის“;

ექვსი მილიონი დოლარი ეგვიპტეში ტურიზმისთვის;

ასობით ათასი დოლარი ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, მას შემდეგაც კი, რაც გენერალურმა ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო;

მილიონობით დოლარი EcoHealth Alliance-სთვის, რომელიც ჩართული იყო უხანის ლაბორატორიაში კვლევებში;

კვების ასობით ათასი პორცია, რომელიც მიიღეს „ალ ქაიდასთან“ დაკავშირებულემა მებრძოლებმა სირიაში;

განვითარებად ქვეყნებში „პერსონალიზებული“ კონტრაცეპტივების ბეჭდვის დაფინანსება;

ასობით მილიონი დოლარი „საირიგაციო არხების, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობისა და სასუქის დასაფინანსებლად, ავღანეთში ყაყაჩოს უპრეცედენტო კულტივაციისა და ჰეროინის წარმოების მხარდასაჭერად“, რაც თალიბებისთვის სარგებლის მომტანია.

თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ სია გრძელია და მსგავსი პროექტების დაფინანსება ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ფლანგვა, თაღლითობა და სახსრების ბოროტად გამოყენება შეწყდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,934,878 ნახვა