საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი:
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე ორჯერ ჩავატარეთ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. პირველი სხდომის შემდეგ, ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, რომ ვამკაცრებთ კანონმდებლობას, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით პოლიტიკოსებზე, საჯარო მოხელეებზე, პოლიციელებზე და ა.შ. თავდასხმებთან დაკავშირებით. ასევე ვთქვით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა თავსმოხვეული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად იმისათვის, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ქონდეს სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტი და საშუალება.
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც, მათ შორის USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა და არა მხოლოდ ამან, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონილი ბრალდებებით ვერავინ უნდა შეძლოს, ჩვენი სამშობლო ამყოფოს მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში. ვერავინ უნდა შეძლოს საკუთარი მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს ჩვენი არასრულწლოვნები თუ სხვა ახალგაზრდები ან მათი გულწრფელი ემოციები.
ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ენჯეოს წარმომადგენლებად თუ პოლიტიკოსებად შეფუთული აგენტურის ანტიქართული მოქმედებების პრევენცია მოვახდინოთ; უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ ცრუ და ქვეყნის გარედან თავსმოხვეული ბრალდებებისგან, პროპაგანდისგან და უზრუნველვყოთ ისეთი მედიასტანდარტის დამკვიდრება, როგორიც, მაგალითად, დიდ ბრიტანეთშია; ასევე უზრუნველვყოთ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმგვარ სტანდარტებთან თუნდაც ოდნავ მიახლოებული სტანდარტი, როგორიც, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია და საბოლოო ჯამში, უნდა შევქმნათ მოცემულობა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის თავად ქართველმა ხალხმა შეძლოს და არა ნებისმიერმა ვინმე სხვამ. სწორედ აქ შეიძლება იყოს ეროვნული და ღირსეული, რეალურად ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების თანხვედრა. სწორედ ამ შემთხვევაშია მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი ეკონომიკის ზრდა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
ამ მიზნით წარმოგიდგენთ ძირითად საკითხებს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან.
მომდევნო ორი თვის განმავლობაში:
გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო, მომხმარებლებს მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე; ბუნებრივია, ჰეროინის და მარიხუანას მომხმარებლებზე ერთნაირი დამოკიდებულება ნამდვილად არ იქნება.
ასევე, მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას;
გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც;
აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას;
გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნები. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებად;
შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება (ეს იქნება პირდაპირი ან ირიბი სახელფასო დანამატი, ტრენინგი, ვიზიტი და სხვ.);
დავიწყებთ მუშაობას ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები, შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან (ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს);
დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული ,,ფარას’’ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.
როგორც მოგეხსენებათ, აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ამერიკული დაფინანსება ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში არეულობის და რევოლუციის მხარდაჭერას. შარშან პარლამენტმა მიიღო „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია. თუმცა, იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ, ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ, მის ნაცვლად, მივიღებთ ახალ, ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას.
პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში.
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან.
პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის და ქაოსის მცდელობები ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე და გაგრძელდება, მათ შორის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები იმისათვის, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია, რომ ქვეყანა აღარასდროს დაექვემდებაროს შანტაჟს, მისი ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ვერავინ ვეღარასდროს გაბედოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, მისი დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებების უპატივცემულობა!