პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს თავისი ქვეყნიდან არჩევნებზე დახარჯული თითოეული ცენტი

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღიარებს, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ ამერიკელების ფულით ფინანსდებოდა გამოგონილი იდეოლოგიების თავს მოხვევა, ცენზურა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ხელისუფლებების გადატრიალება და ა.შ. ყველაზე დიდი დონორი როცა აღიარებს ამას, ეს ავტომატურად ეჭვის ქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების მიერ საქართველოში ფულის ხარჯვის კეთილსინდისიერებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ახლა ჯერი დანარჩენ დონორ ქვეყნებზეა, მათ უნდა გადაამოწმონ, რაში იხარჯება მათი გადასახადის გადამხდელების ფული.

„ამ ქვეყნების ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამით განსაკუთრებით უნდა დაინტერესდნენ. მაგალითის მიმცემი კი ბრიუსელი უნდა გახდეს. 2023 წლის შემოდგომაზე წერილით მივმართე ევროკავშირის ელჩს, რომ მას უზრუნველეყო ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED, რომელსაც კულუარებში NED-ის ევროპულ ფილიალს ეძახიან) დაფინანსებების საჯაროობა. რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ ელჩისგან უარი მივიღე, იმ საბაბით, რომ EED განცალკევებული ორგანიზაციაა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საბაბი იყო. EED სრულად ფინანსდება ბრიუსელის და წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან და მას რამდენიმე ოდიოზური ევროპარლამენტარი მართავს.

ცალკე საკითხია 2024 წლის არჩევნებზე ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქებიდან გაცემული თანხების უკანონო ხარჯვა პარტიული საარჩევნო მიზნებისთვის. ყველას გვახსოვს, საგარეო ზეწოლის გამო როგორ მოუწია ანტიკორუფციულ ბიუროს შეეჩერებინა თავისი კვლევა, როდესაც არჩევნებში ჩართული პოლიტიკური „ენჯეოების“ უკან კონკრეტული უცხოური დონორების კვალი გამოიკვეთა.

აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს თავისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,933,354 ნახვა