პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საკითხავი ისღა რჩება − ექნება თუ არა ამ მოწოდებას „შიგ-ევროპული“ დაკვეთის ხასიათი და გაიზიარებენ თუ არა ადგილობრივი „შიგ-ევროპელები“ თავისი შვედი „კოლეგების“ გამოცდილებას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კონსერვატიულ პორტალზე „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და თბილისის მეტროში გაჩენილ ფაშისტურ წარწერას ეხმიანება.

ექსპერტი შვედეთის კრიმინალური დაჯგუფებების შესახებ წერს, რომლებიც არასრულწლოვანებს კილერებად ამუშავებენ და მკვლელობის დაკვეთებს აძლევენ. მისი თქმით, შვედეთის კრიმინალური დაჯგუფებებზე და არსებულ  საფრთხეზე მეზობელი ქვეყნებიც, დანიისა და ნორვეგიის მედიაც, ღიად საუბრობს.  

დავით ქართველიშვილი წერს, რომ შვედეთში არსებული  ვითარების პარალელურად, საქართველოს მოსახლეობა გაოცებას ვერ მალავს პოლიციელის მიმართ ნასროლი მოლოტოვის კოქტეილისა და მეტროში გაჩენილი ფაშისტური წარწერების ფაქტზე. მისი თქმით, საინტერესოა, ექნება თუ არა მეტროში გაჩენილ მოწოდებას რაიმე დაკვეთის ხასიათი და გაიზიარებენ თუ არა ქართველი რადიკალები შვედეთის მაგალითს.

„შიგ-ევროპულობის“ ორთვიანმა ბაკქანალიამ საქართველოში, აქამდე მეტ-ნაკლებად ცნობილ მენტალურ პრობლემებთან ერთად, თითქოს რაღაც ახალიც შემოგვთავაზა, რაც „ქართველობისგან“ და ტრადიციულობისგან შორს უნდა ყოფილიყო, მაგრამ თურმე, რეალურ „შიგ-ევროპულობასთან“ პირდაპირ კავშირშია. ეს არის არასრულწლოვანთა ფართო გამოყენება თავისი პოლიტიკური თუ კრიმინალური მიზნებისთვის. გაირკვა, რომ ეს პრობლემა არაა უცხო არც ისეთი „შიგ-ევროპული“ ქვეყნებისთვის, რომლებიც ადრე „წესიერების“ ეტალონად გვევლინებოდა. მაგრამ − „ნურას უკაცრავად“. ბოლო პერიოდში, მსოფლიო გააოცა შვედურმა ორგანიზებულმა დანაშაულმა, რომელიც განსაკუთრებით გავლენიან და უკიდურესად სასტიკ სიმახინჯედ ჩამოყალიბდა. დღეს, ერთი შეხედვით აყვავებულ სკანდინავიურ ქვეყანაში, ფაქტობრივად, მიმდინარეობს სამოქალაქო ომი ეთნიკურ ბანდებს შორის, რომლებიც ბავშვებს მკვლელებად იყენებენ. რატომ ვერ უმკლავდება ამას „შიგ-ევროპული“ პოლიცია?!

უკანასკნელ პერიოდში, შვედეთის ცხოვრების ახალ ტენდენციას არასრულწლოვანი მკვლელები წარმოადგენენ, რომლებიც დაქირავებულნი არიან „ხანდაზმული განგსტერების“ მიერ თავისი კონკურენტების აღმოსაფხვრელად. საუბარია ათეულობით და ასობით შემზარავ ფაქტზე. ეს პრობლემა პირველად განიხილეს ორიოდე წლის წინ, ორი გახმაურებული ტრაგედიის შემდეგ. სტოკჰოლმის გარეუბანში (ჯორდბროში), რამდენიმე თვით ადრე გაუჩინარებული ორი მოზარდის − 14 წლის მოჰამედისა და ლეითის ცხედრები იპოვეს. გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ მოზარდები მოკლეს, როგორც დაქირავებული „კილერები“, რომლებმაც ვერ შეასრულეს მიღებული დავალება. ეს ვერსია გაჩნდა იმის გამო, რომ მოკლული მუჰამედის ტანზე Z სიმბოლო იყო ამოკვეთილი, რომელსაც იყენებს სტოკჰოლმის კრიმინალური ბანდა Zeronatverket („ნულოვანი ტერიტორია“).

შემდეგ, ქალაქ ჰელსინბორგის ერთ-ერთ ქუჩაზე, გაჩერებულ მანქანაში იპოვეს საჭესთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული მძღოლი. მკვლელის პოვნას პოლიციას დიდი დრო არ დასჭირვებია, რადგან მან გამოუცდელობის გამო უამრავი კვალი დატოვა. 16 წლის ბიჭმა ვერც კი მოასწრო გადაეგდო პისტოლეტი, საიდანაც მსხვერპლს სამი ტყვია ესროლა. მოგვიანებით გამოძიებამ დაასკვნა, რომ „მკვლელობა საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი და ჰქონდა სიკვდილით დასჯის ხასიათი“. ამ საქმეზე სასამართლო სხდომები ბრალდებულის მცირეწლოვანების გამო დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მხოლოდ განაჩენის გამოტანის შემდეგ შეიტყო საზოგადოებამ გახმაურებული დანაშაულის დეტალები: ახალგაზრდა მკვლელი არ მოქმედებდა საკუთარი ინიციატივით, არამედ ასრულებდა დაკვეთას. დამკვეთი 26 წლის მაფიოზი ორჰან დემაი აღმოჩნდა. მან იპოვა ახალგაზრდა მოზარდი, რომელიც დამკვეთის თქმით, დაინტერესებული იყო ფეხბურთით და მუსიკით, მაგრამ შემდეგ კომპიუტერულმა თამაშებმა გაიტაცა, ის ვალებში ჩავარდა და სასწრაფოდ სჭირდებოდა ფული. დემაიმ მას მიაწოდა მობილური ტელეფონი კომუნიკაციისთვის, პისტოლეტი, საბრძოლო მასალა, ველოსიპედი და გამოსაცვლელი ტანსაცმელი. გარდა ამისა, ახალბედა მკვლელმა მიიღო შესაბამისი ტრენინგი „გამოცდილი სპეციალისტის“ − 20 წლის ბურაკ ბურკანისგან.

ბრალდებულები უარყოფდნენ თავის ბრალეულობას, მაგრამ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარი იყო. შედეგად, დემაის მიესაჯა სამუდამო პატიმრობა (მათ შორის, არასრულწლოვანის დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვისთვის), ბურკანმა მიიღო თითქმის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო უშუალო დამნაშავე ოთხი წლით განაწესეს არასრულწლოვანთა დახურულ სკოლა-ინტერნატში. შვედეთის სასამართლოს ფორმულირებით, ის იქ „სტაციონარულ მკურნალობას“ გაივლის. მკვლელის მეგობარს და დანაშაულში თანამონაწილეს, ასევე სამწლიანი „მკურნალობა“ მიესაჯა. სულ რაღაც ათი წლის განმავლობაში, ამ სკანდინავიურმა ქვეყანამ კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილიდან ევროპულ რეიტინგებში, შეკვეთილი მკვლელობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერის პოზიციაზე გადაინაცვლა. ღრმად ფესვგადგმული ბანდები (ძირითადად, მეორე თაობის ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბებული) ახლა კლავენ არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ კრიმინალის უდანაშაულო თვითმხილველებსაც. დამნაშავეთაგან უმეტესობა თოთხმეტ წლამდე მოზარდია. ბრიტანული გაზეთი Financial Times წერს: „ბანდიტები მათი რიგებიდან ამზადებენ თავიანთ მემკვიდრეთა მომავალ თაობას“.

შვედეთში ბანდები ცნობილია არა მხოლოდ თავისი სისასტიკით, არამედ მოქმედების არატრადიციული მეთოდებითაც. არასრულწლოვანი მკვლელები − ერთ-ერთი ასეთი „ინოვაციაა“. ბანდიტებს მოსწონთ ეს „კადრები“ ორი მიზეზის გამო: უპირველესად, თინეიჯერები, გონებრივი მოუმწიფებლობის გამო და ვიდეოთამაშების გავლენის ქვეშ, რომლებიც ძალადობას რომანტიკულად აქცევენ, უფრო ადვილად თანხმდებიან სხვისი სიცოცხლის ხელყოფაზე. ბევრს იზიდავს სოციალურ იერარქიაში მაღალი ადგილის დაკავების პერსპექტივა, მათ შორის კრიმინალური, ბანდიტების მდიდრული ცხოვრების შესახებ სტერეოტიპების გათვალისწინებით, რომლებსაც აქვთ ფული და ძალაუფლება, სხვა ადამიანების ჩაგვრის ხარჯზე. მეორეც − თუ ზრდასრული კრიმინალი მკვლელობისთვის გრძელვადიან სასჯელს იხდის, თინეიჯერი რამდენიმე წლით გადის „მკურნალობას“ გამოსასწორებელ სკოლა-ინტერნატში. გასული წლის პირველ შვიდ თვეში დაიწყო 42 გამოძიება მოზარდების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს ან სცადეს მკვლელობა, მაშინ, როცა 2023 წელს ასეთი 38 შემთხვევა იყო. „ჩვენთან იზრდება ძალიან მძიმე დანაშაულის ჩამდენი ახალგაზრდების რიცხვი. ეს უკიდურესად საშინელი და სამწუხარო მოვლენაა“, − განაცხადა პროკურორმა კარლ მელბერგმა ერთ-ერთ რადიოინტერვიუში. გასული წლის ბოლოსთვის კი ყველაფერი გაცილებით დამძიმდა: მკვლელობის მცდელობაში ან წაქეზებაში ეჭვმიტანილი იყო უკვე 93 არასრულწლოვანი.

შვედეთის მეზობელი ქვეყნების − დანიისა და ნორვეგიის, პრესამ მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიჩინა შვედი არასრულწლოვანი კილერების პრობლემის მიმართ. ეს ინტერესი გამართლებულია: ბანდები ისე სწრაფად იზრდებიან, რომ შვედეთი მათთვის საკმარისი აღარაა. ამავდროულად, ისინი აწარმოებენ სასტიკ ომებს ერთმანეთთან ტერიტორიების კრიმინალური გადანაწილებისთვის: აქ კი ბავშვების გამოყენების ძირითადი სფეროა − კონკურენტი ჯგუფების წარმომადგენელთა შეკვეთილი მკვლელობა.

შვედეთიდან კრიმინალური ჯგუფები აქტიურობენ დანიასა და ნორვეგიაში და ადგილობრივი მედიასაშუალებები შვედეთიდან „იმპორტირებულ“ სისხლიან დღის წესრიგზე ალაპარაკდნენ: მალე ეს ყველაფერი აქაც მოხდებაო. ერთ-ერთმა დანიურმა ტელეარხმა შვედეთიდან არასრულწლოვანი მკვლელების მომსახურების ტარიფები გამოაქვეყნა. თავის არეში გასროლისთვის ან ხელყუმბარის გამიზნული სროლისთვის შეგიძლიათ მიიღოთ 300 000-დან 500 000-მდე შვედური კრონა (დაახლოებით 27 000 – 45 000 დოლარი).

„ჩვენი ადგილობრივი ბანდები აგროვებენ შვედ მკვლელებს დანაშაულის ჩასადენად. ღრმად შემაშფოთებელია, რომ ეს საერთოდ შესაძლებელია ხდებოდეს და ღრმად შემაშფოთებელია, რომ ეს ახლა დანიაში ხდება“, − განაცხადა დანიის იუსტიციის მინისტრმა პიტერ ჰუმელგარდმა. ცოტა ხნის წინ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა და შეთანხმდა, რომ გამკაცრდება კონტროლი დანიაში შვედეთიდან ორესუნდის სრუტის ხიდის გავლით შემოსულ ადამიანებზე.

სხვათა შორის, დანიის კანონმდებლობით, ორგანიზებულ ჯგუფებთან დაკავშირებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული უფრო მკაცრად ისჯება − და ეს ეხება ყველას, ვინც 15 წელს გადაცილებულია. დანიის პოლიციის უფროსის მოადგილე პიტერ სვარერმა თქვა, რომ ადგილობრივი კრიმინალები შვედ კილერებს ონლაინრეჟიმში აგროვებენ. „თითქოსდა სიგიჟეა, იფიქრო, რომ 14-15 წლის ახალგაზრდებმა შეიძლება ხელში პისტოლეტი ან ხელყუმბარა აიღონ − და ძალიან მიკვირს, რომ ისინი მზად არიან ამის გასაკეთებლად“, − არ მალავს თავის გაოცებას სვარერი.

ჩვენ კი, შორეულ „შიგ-ევროპულ“ საქართველოში არ ვმალავთ საკუთარ გაოცებას, რომ მოზარდმა შეიძლება პოლიციელის მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლოს, ან პიროტექნიკა დაუმიზნოს. აღარც იმ წარწერებზე ვოცდებით უკვე, თბილისში რომ გაჩნდა: „მოკალი ქოცი!“. საკითხავი ისღა რჩება − ექნება თუ არა ამ მოწოდებას „შიგ-ევროპული“ დაკვეთის ხასიათი და გაიზიარებენ თუ არა ადგილობრივი „შიგ-ევროპელები“ თავისი შვედი „კოლეგების“ გამოცდილებას. ამ დღეებში ამ წარწერების საქმეზე უკვე დაკავებულია პირველი ორი ბოროტმოქმედი…“- წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,932,833 ნახვა