ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებით, ქართული დელეგაციისთვის PACE-ში მონაწილეობა სავალდებულოა და არა არჩევანი. ამის შესახებ რუსოპულოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ ნორმატიული ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არ არის არჩევანი, არამედ ვალდებულებაა. მას შემდეგ, რაც რწმუნებათა სიგელები მიიღეს, ისინი უნდა იყვნენ ასამბლეაში. ეს მათი ვალდებულებაა,” – თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
რუსოპულოსის თქმით, ასამბლეის საპრეზიდენტო კომიტეტმა, გუშინ საქართველოს საქმე განიხილა და ისინი გააგრძელებენ მის განხილვას “მომდევნო კვირების განმავლობაში”, ხოლო გადაწყვეტილება აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სესიაზე მიიღება. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, თუ ქართული დელეგაცია განაგრძობს უარის თქმას ასამბლეაში მუშაობაზე
“ახლა არ ვაპირებ რაიმე სახის ჰიპოთეზაზე პასუხს. მე მაქვს ჰიპოთეზა, მაგრამ დავტოვებ მას ჩემ გონებაში” – განაცხადა მან.