პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: სააკაშვილი და მისი ბანდა მაოხრებელი გზირის მძიმე როლს წლებია ასრულებენ, მათი დანაშაულებრივი ნაბიჯების სიმძიმეს წლების შემდეგაც ვიმკით, ერთ-ერთი სწორედ „გრაფინებში“ მომხდარი ტრაგედიაა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა სწორედ კრიმინალ სააკაშვილს ეკისრება

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რიყის პარკის ტერიტორიაზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება, რომელმაც არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კრებსითმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ჯერზეც სცადა, ადამიანური ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა მოზარდის გარდაცვალებისთვის პოლიტიკური სარჩული დაედო.

ამ ტრაგედიაში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ დამნაშავეს ეძებს და ყველა პოლიტიკურ ოპონენტს ტალახი ესროლა, შათირიშვილის განცხადებით, კი ამ ტრაგედიაში მთავარი დამნაშავე სწორედ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომლის დავალებით აგებულმა შენობამ არაავთენტურობის გამო, ფუნქცია ვერ შეიძინა. 

„ტრაგედიით მანიპულირება, ადამიანების გარდაცვალებით პოლიტიკური ქულების დაწერა კრებსითი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რომ ბუნებრივი ამბავია, ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. წლების განმავლობაში ჯაშუშებით დაკომპლექტებულმა პოლიტიკურმა პარტიამ არაერთხელ სცადა ადამიანური ტრაგედიების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება და ხელისუფლების დამხობა. მაგალითი ბევრია – პოლიტიკურ სვავებს მიმსგავსებული უსამშობლო რადიკალები სხვადასხვა დროს ბაჩალიაშვილის, სარალიძის, შაქარაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტებს ბინძური პროპაგანდისთვის იყენებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში სიმართლემ თავი არ დამალა და ქართულმა საზოგადოებამ გაარჩია დამნაშავე და ტრაგედიით მოსარგებლე ერთმანეთისგან. 

ბოლო რამდენიმე დღეა კიდევ ერთხელ ვადევნებთ თვალს პოლიტიკური სვავების მორიგ ამორალურ კამპანიას, რომელიც თბილისში მოზარდის გარდაცვალებას უკავშირდება. ყველაფერი ჯაშუშური ქსელის მიერ კონტროლირებადმა მედიამ დაიწყო, რომელმაც გაავრცელა ტყუილი, თითქოს სკოლის მოსწავლე რიყის პარკში, თხრილში ჩავარდა და ამის გამო გარდაიცვალა. ამ ბინძურმა სიცრუემ ბიძგი მისცა უბინძურეს კამპანიას – კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები ხან მერიას, ხან სამართალდამცავ უწყებებს, ხან სამედიცინო ბრიგადებს ადანაშაულებდნენ ტრაგედიაში. სიმართლე კი მალე გაირკვა – როგორც აღმოჩნდა, მოზარდი, მეგობრებთან ერთად, რიყის პარკში მდებარე ეგრეთწოდებულ „გრაფინებში“, კერძო საკუთრებაში შევიდა, სადაც ეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. 

რადგან ამ ტრაგედიაში კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ დამნაშავის ძიება დაიწყო და ტალახი ესროლა ყველას, ვინც პოლიტიკური ოპონენტია, რადგან პოლიტიკურმა სვავებმა კიდევ ერთი ტრაგედიის გამოყენება სცადეს ვიწროპარტიული მიზნებისთვის, მაშინ მე გეტყვით ვინ არის ამ ტრაგედიაში დამნაშავე – მოზარდის გარდაცვალება პირადად თქვენი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის სინდისზეა. 

კრიმინალმა სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს ბევრი ახირება მოახვია თავს თბილისს, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით უზნეო და ფაქტობრივად, დანაშაულის ტოლფასი სწორედ რიყის პარკში ამ უმახინჯესი  და ადგილისთვის არაავთენტური „გრაფინების“ ჩადგმა იყო. თბილისის ისტორიული იერსახისთვის სრულიად უკონტექსტო შენობას წლებია ვერც ერთმა ინვესტორმა ვერაფერი მოუხერხა. მრავალჯერ ეცადა როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი მთავრობა შენობისთვის ფუნქცია მოეძებნა, მაგრამ იმდენად რთული, ადგილისთვის არაბუნებრივი და მოუხერხებელია „გრაფინები“, რომ ფაქტობრივად წარმოუდგენელია მისი გამოყენება. ახლაც კი, როდესაც შენობას კერძო ინვესტორი ფლობს, ფიზიკურად ვერ ხერხდება მისთვის ფუნქციის მინიჭება. 

არაერთხელ მითქვამს, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და იდეოლოგებისათვის ქვეყნების დაპყრობის უახლესი იარაღი ერის იდენტობის, კულტურისა და ტრადიციების დაკნინება, მათი შეურაცხყოფა და განადგურებაა. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ის „არქიტექტურული ბაკქანალია“, რაც სააკაშვილმა თბილისის გულს, ისტორიულ ნაწილს მოუწყო, რაც საუკუნეებს ითვლის. არა მხოლოდ „გრაფინების“, არამედ „შუშის ხიდის“ და იუსტიციის სახლის, ეგრეთწოდებული „სოკოების“ განთავსებით სააკაშვილმა და მისმა ჯაშუშების კრიმინალურმა კოჰორტამ ჩვენი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილს ავთენტურობა წაართვა და იერსახე გაუნადგურა. ეს ყველაფერი კი გარე კარნახით, დავალების შესაბამისად გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი შეუსაბამო ნაგებობის ისტორიულ ნაწილში ჩადგმას ცნობილი და ღირსეული ქართველი არქიტექტორები, ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, სააკაშვილმა დავალება მაინც შეასრულა და თბილისის ისტორიას მძიმე დაღი დაასვა. 

ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშენებლობის დროს სააკაშვილმა და მისმა უცხოელმა არქიტექტორმა დიდი აფიორა გაითამაშეს. კერძოდ, საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ შენობა-ნაგებობას „გრაფინების“ ეფექტი ექნებოდა, რაც ქართულ ღვინოსთან და ტრადიციებთან ასოცირდება, თუმცა საბოლოო ჯამში ისეთი სიმახინჯე ააგეს, რომ ვერც ერთი ადამიანი თბილისის ვერც ერთი წერტილიდან შენობას „გრაფინად“ ვერ აღიქვამს – არქიტექტურული ნორმების და პროპორციების უხეში დარღვევის გამო, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ერთადერთი, კოსმოსიდან თუ შეძლება ადამიანმა მიამსგავსოს ნაგებობა „გრაფინს“. და თუკი შუშის ხიდის, ასევე იუსტიციის სახლის თბილისის სხვა, არაისტორიულ ადგილზე აგება შესაძლოა მართლაც არ ყოფილიყო ცუდი იდეა, რიყეზე დადგმული, „გრაფინებად“ გასაღებული  შუშის გაუგებარი ნაგებობა იმდენად მოუხერხებელი და არაკომფორტულია, რომ ვერც ერთი ტერიტორია ვერ „მიიღებს და მოიხდენს“ ამ სიმახინჯეს. 

სააკაშვილი და მისი ბანდა მაოხრებელი გზირის მძიმე როლს წლებია ასრულებენ. მათი დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ნაბიჯების სიმძიმეს წლების შემდეგაც ვიმკით საქართველოს მოქალაქეები. ერთ-ერთი სწორედ „გრაფინებში“ მომხდარი ტრაგედიაა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა სწორედ კრიმინალ სააკაშვილს ეკისრება.“ –  წერს ზაზა შათირიშვილი. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,932,167 ნახვა