ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი Bombardier CRJ-700 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა. ინფორმაციას ამერიკის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა თვითმფრინავი რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტში დასაჯდომად ემზადებოდა. ის შტატ კანზასის ქალაქ უიჩიტოდან მოფრინავდა. თვითმფრინავი ვერტმფრენ Sikorsky H-60-ს შეეჯახა. სამხედრო ვერტმფრენი სასწავლო ფრენას ახორციელებდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 60 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მდინარიდან რამდენიმე ცხედარი უკვე ამოიყვანეს. მომხდარის გამო ვაშინგტონის აეროპორტმა დროებით შეაჩერა მუშაობა.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ინფორმირებულია მომხდარის შესახებ. სიტუაციას სწავლობს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტიც.