„როდესაც ევროპარლამენტის ყოფილი შემადგენლობა, თავისი სახელმძღვანელო რგოლით დაწყებული, მხილებული იყო კორუფციულ დანაშაულში, რომლის საფუძველში იყო “ლობიზმი”, რომლისთვისაც წაუყენეს მძიმე ბრალიც – რა “ჭკუის სწავლება” უნდა მოდიოდეს ბრიუსელიდან?“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, ევროსაბჭოს დღევანდელ სამარცხვინო რეზოლუციას, რომელიც აპრილში ხელახალი „არჩევნების” ჩატარებას „გვიბრძანებს”, თავისი წინამორბედი სამარცხვინო ევრორეზოლუციების ბედი ეწევა. შესაბამისად, საქართველოს ვერავინ დააჩოქებს და ვერავინ აიძულებს ნებაყოფლობით გაებას ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ მეტასტაზებში.
„როდესაც საქართველოს “დაუძინებელი მეგობრების” ხელმძღვანელი, კონგრესის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის შეფი, სენატორი მენენდესი, მხილებული იყო კორუფციულ დანაშაულში, რომლის საფუძველში იყო “ლობიზმი” და წაუყენეს მძიმე ბრალი – რა “ჭკუის სწავლება” უნდა მოდიოდეს ვაშინგტონიდან? როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არც ერთ მონაწილეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების” თაობაზე, ხოლო ბრიუსელისა და ვაშინგტონის „კორუფციული ლობიზმი” არა მითი, არამედ კრიმინალური რეალობა აღმოჩნდა, როგორ შეიძლება ვარაუდის სახით მაინც იმავე ბრალეულობით არ ავხსნათ ამჟამად უკვე სტრასბურგის მიკერძოებული და ყოვლად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. დღევანდელ სამარცხვინო რეზოლუციას, რომელიც აპრილში ხელახალი „არჩევნების” ჩატარებას „გვიბრძანებს”, თავისი წინამორბედი სამარცხვინო ევრორეზოლუციების ბედი ეწევა. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში წლების განმავლობაში ლიბერალ-ფაშისტების მიერ დანერგილი ევროსკეპტიციზმი გადაგველახა. როგორც ჩანს ლიბერალური ფაშიზმის მძევლობაში მყოფ ევრობიუროკრატიისთვის ჩვენი ეს მიდგომა არა თუ „შეუმჩნეველი”, არამედ ფუჭი და სახიფათო გამოდგა. საქართველოს ვერავინ დააჩოქებს და ვერავინ აიძულებს ნებაყოფლობით გაებას ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ მეტასტაზებში. ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო და ჩვენ ამ ლიბერალური ჭაობიდან ერთხელ უკვე წარმატებულად გამოვედით. თუ ვინმეს სურს გადაარჩინოს „თავი თვისი” – მოგვბაძოს. თუ არადა, სულ „კარგად” ბრძანდებოდეს…“ – წერს დავით ქართველიშვილი.