„ფაქტმონიტორმა“ ბიზნესმენის, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის მიერ რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაჟღერებული ინფორმაცია გადაამოწმა. გთავაზობთ „ფაქტმონიტორის“ მიერ გადამოწმებულ ფაქტებს:
ბიზნესმენის, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის ინტერვიუ რადიო „თავისუფლებასთან“ შედგა 2025 წლის 21 იანვარს (იხ. ვიდეო). აღნიშნულ ინტერვიუში იგი საუბრობს საქართველოს პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.
აღნიშნულ ინტერვიუს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გარდა იმისა, რომ ინტერვიუს უამრავი მაყურებელი ჰყავდა, სოციალურ მედიაში მსჯელობა გაიმართა, თუ რამდენად ზუსტ ინფორმაციას ავრცელებდა ირაკლი რუხაძე. ამ მხრივ განსაკუთრებულად საინტერესო იყო „მითების დეტექტორის“ ვრცელი სტატია, სადაც მითითება გვხვდება, რომ ირაკლი რუხაძემ „6 ყალბი ინფორმაცია გააჟღერა“. საზოგადოებისთვის საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, „ფაქტმონიტორმა“ გადაამოწმა თითოეული ინფორმაცია შესაბამისი რელევანტური და აუთენტური წყაროების მეშვეობით. შესაბამისად, სტატიის სახით მკითხველს წარმოუდგენს დასახელებულ საკითხზე ინფორმაციას:
საკითხი №1 − საქართველო სამეზობლოში ერთადერთი მწვანე და სრულიად თავისუფალი ქვეყანა
ირაკლი რუხაძე აღნიშნულ მონაკვეთში ამბობს: „ერთადერთი თავისუფალი ქვეყანა ვიყავით, მე მგონი, Freedom House-ის მიხედვით, ჩვენს სამეზობლოში, ერთადერთი მწვანე ქვეყანა, სრულიად თავისუფალი წელს“.
აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ ირაკლი რუხაძე რეიტინგის წყაროს არა დაზუსტებით, არამედ სავარაუდოდ ასახელებს. საქართველო მართლაც არის 2024 წელს სრულიად თავისუფალი ქვეყანა ატლანტიკური საბჭოს ატლასის მიხედვით (იხ. მონაცემები). თან ეს ატლასი ზუსტად რომ მწვანე ფერს იყენებს თავისუფალი ქვეყნების აღსანიშნავად.