ქვეყნის ღალატის ტოლფასი განცხადება იყო, ამიტომაც მოხდა ჩასწორება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილისგან ჩვენ მანამდეც მოგვისმენია გაცილებით მძიმე განცხადებები, – განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისი თქმით, სტატია როდესაც გამოქვეყნდა, მაშინაც შეეძლო სალომე ზურაბიშვილს განემარტა, რომ ასეთი რამე არ მითქვამს და ჩაასწორეთო.
„რატომ დასჭირდა მას ამდენი დრო, ან მას ან რედაქციას, ესეც გასაგებია, ელოდებოდნენ საზოგადოების რეაქციას, მიიღეს მათგან განსხვავებული რეაქცია. როგორც ჩანს, ალბათ რამდენიმე ოპოზიციონერს თუ მოეწონებოდა სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება. დანარჩენი, თქვენ ნახეთ, რომ საზოგადოებამ ძალიან მკაცრი რეაქცია მისცა ამ ყველაფერს. ფაქტობრივად, შეიძლება პირდაპირ ითქვას, ქვეყნის ღალატის ტოლფასი განცხადება იყო, ამიტომაც მოხდა ჩასწორება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილისგან ჩვენ მანამდეც მოგვისმენია გაცილებით მძიმე განცხადებები.
დარწმუნებული ვარ, ამ განცხადების შემდეგ კიდევ ექნება საშუალება მაქსიმალურად დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და ამ შანსს, როგორც ჩანს, ის არაერთხელ კიდევ გამოიყენებს“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
გამოცემა „ჰილმა“ გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ციტატა ჩაასწორა. თავდაპირველ ტექსტში ზურაბიშვილის გზავნილი იყო, „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს“. ჩასწორებული ტექსტის მიხედვით კი, ზურაბიშვილის „გზავნილია, რომ შტატებმა უნდა გამოაცხადოს პოლიტიკა, რომ კავკასია არ არის კრემლის „სათამაშო მოედანი“.