„ვფიქრობ, რომ ყველა იძულებული იქნება გაითვალისწინოს რეალობა – საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, საფრთხეები, რისკები, სამართლიანობა, რის შემდეგაც ყველაფერი კალაპოტში ჩადგება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნების პოლიტიკური წონადობა მხოლოდ მისი ზომით არ განისაზღვრება. საქართველოს შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია მისი გეოგრაფიული მდებარეობა.
„2022 წლის თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში ევროკავშირისთვის უფრო აქტუალური გახდა უსამართლო თამაშის წესები. ასეთი უსამართლო თამაშის წესები საქართველოს ახსოვს საბჭოთა კავშირის პირობებში და ეს წესები რომ არ მოგვწონდა, ამიტომაც დავტოვეთ საბჭოთა კავშირი. ამ უსამართლო თამაშის წესებს თავისი ლოგიკური დასასრული აქვს და ვფიქრობ, რომ ეს თამაში, რომელიც სამართლიანობას არ ექვემდებარება დიდხანს ვერ გაგრძელდება. ასე, რომ თუ საქართველოს მიმართ არ შეიცვლება უსამართლო წესებით მოქმედება, ის თავად დაექვემდებარება ისტორიული ლოგიკის წესებს. გვახსოვს, რომ საბჭოთა კავშირში მუდმივად ვიყავით უმცროსი ძმის როლში და როგორც პატარა ქვეყანა ჩვენს ინტერესებს მცირედით ითვალისწინებდნენ. პოლიტიკური წონადობა ქვეყნებისა არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ზომით. ამ შემთხვევაში კი საქართველოს პოლიტიკური წონადობა განისაზღვრება მისი გეოგრაფიით, რაც ყველასთვის გასათვალისწინებელია. იმ ნარატივის შემოტანა, რომ მხოლოდ საქართველოს სჭირდება დასავლეთი და ევროკავშირი სწორი არ არის. ვფიქრობ, რომ ყველა იძულებული იქნება გაითვალისწინოს რეალობა – საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, საფრთხეები, რისკები და სამართლიანობა, რის შემდეგაც ყველაფერი კალაპოტში ჩადგება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.